საქართველოს სამუშაო ვიზიტით ოლიმპიური ფესტივალის შემფასებელი კომისია ეწვევა.
ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მნიშვნელოვანი და მასშტაბური ღონისძიებაა, რომლის მასპინძლობაც ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს ტურიზმის და საქართველოს ზამთრის კურორტების ცნობადობის გაზრდის კუთხით.
ვიზიტის მიზანია, კომისიის წევრებმა ადგილზე დაათვალიერონ და შეაფასონ, ქვეყნის შესაძლებლობა 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად.
ეს იქნება გადამწყვეტი შეფასება ევროპის ოლიმპიური კომიტეტის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
6 თებერვალს კომისია ბაკურიანს ეწვევა, სადაც ადგილზე დაათვალიერებენ ფესტივალის/შეჯიბრებების პოტენციურ ლოკაციებს და საჭირო ინფრასტრუქტურას, მათ შორის საბაგიროებს. კომისია გაეცნობა ბაკურიანში ოლიმპიური სოფლისთვის შესაძლო ვარიანტებს.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან:პიტერ ბრული - დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის სპორტული დირექტორი. აზერ ალიევი - შემფასებელი კომიტეტის წევრი. სტრატოს კარეტოსი - შემფასებელი კომისიის წევრი.
საქართველომ ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის სურვილი გასულ წელს გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანას უკვე აქვს ამ ტიპის და მასშტაბის ღონისძიებების ჩატარების გამოცდილება, მათ შორის 2015 წელს, როცა თბილისმა ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა.