25 აპრილი 2024,   15:25
ვრცლად
ილია ჯიშკარიანს ბიუროს თანამშრომლებთან კონტაქტზე დაწესებული შეზღუდვა მოეხსნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს ბრალდებულ წევრს, ილია ჯიშკარიანს ბიუროს თანამშრომლებთან კონტაქტზე დაწესებული შეზღუდვა მოეხსნა.

ამით მოსამართლე ილია ორკოდაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების მიღებამდე, ბიუროს თანამშრომელი გამოიკითხა, რომელმაც მოსარჩელე თამთა თოდაძეს "არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე" უწოდა.

ილია ჯიშკარიანის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, ხვალიდან ჯიშკარიანს შეეძლება საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს. მისივე თქმით, ვერც ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მოწმე, რომელიც თამთა თოდაძის ადეკვატურობას დაადასტურებდა. 

"ერთი ადამიანი არ მოვა, რომელიც იტყვის, ვერც ბრალდების მხარემ წარმოადგინა, რომ თამთა თოდაძეს იცნობს და ის ნორმალური, დალაგებული, ზრდილობიანი, ადეკვატური და ჩამოყალიბებული აზროვნების ადამიანია და მას არ სურს, იყოს ძალიან ცნობადი, იგი არ ამეტებს საკუთარ თავს და შესაძლებლობებს. ის, რაც გააკეთა ილია ჯიშკარიანის მიმართ ანალოგიური გააკეთა სხვა სისხლის სამართლის საქმეშიც," - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

თამთა თოდაძის ადვოკატის, თამარ ლუკავას განცხადებით, თამთა თოდაძის არაადეკვატურობით აპელირებასთან ერთად ჩნდება კითხვა, რატომ ჩააბარეს მას ისეთი საპასუხისმგებლო საქმე, როგორიც სოციალური ქსელების მართვაა. 

"თუ არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე იყო ის ადამიანი, მაშინ როგორ ანდეს არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს სოციალური ქსელების გამართული მუშაობა. მაგალითად, თამთა თოდაძე იყო Facebook-ის გვერდის ადმინისტრატორი, ის იყო პასუხისმგებელი ილია ჯიშკარიანის მოსახლეობასთან ყველა შეხვედრის გაშუქებაზე,"-განაცხადა თამარ ლუკავამ.

დღის ამბები