TBC ბანკის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა მიმდინარეობს. იკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები, რომლებიც პროკურატურის მტკიცებით ბრალდებას გაამყარებენ.
პროცესზე სულ 8 მოწმე დაიკითხება, მათ შორის იქნებიან TBC ბანკის თანამშრომლები, ასევე იპოთეკარები და ნოტარიუსი.
პროცესისგან მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელოდება პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე. ჯაფარიძე საქმეს პოლიტიკურ შეკვეთას უწოდებს.
"არანაირი მნიშვნელოვანი ცვლილება არც დღევანდელზე, არც გუშინდელზე, არც ხვალინდელზე არ იქნება, იმიტომ, რომ არ არსებობს ესეთი რამ. არის გაგრძელება გროტესკული დადგმული სცენარის, რომელიც არის პოლიტიკური შეკვეთა და მეტი არაფერი," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ადვოკატი კახა წერეთელი კი ბრალის აბსურდულობაზე საუბრობს. მისი თქმით, ვერც ერთ მოწმე ვერ იტყვის, რომ ჯაფარიძემ, ხაზარაძემ და წერეთელმა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს.
"ჩვენთვის ცნობილია იმ მოწმეთა სია, რომელიც დღეს არის დაბარებული ბრალდების მხარის მიერ. დღესაც გაგრძელდება საუბარი 12 წლის წინანდელ კრედიტებზე, იმაზე თუ როგორ ხდებოდა ამ კრედიტების გაცემა. სხვა თემებზე, ისეთი როგორიც არის ფულის გათეთრება, რის გამოც დავდივართ ამ დარბაზში, დღეს კვლავ არაფერი არ გაჟღერდება,“ - განაცხადა კახა წერეთელმა.
ბრალდების მხარის თქმით, პროცესზე ის პირები გამოიკითხებიან, რომლებმაც ქონება იპოთეკით დატვირთეს და მათი ჩვენებებით ბრალდება გამყარდება.
"პროცესზე თავდაპირველად გამოიკითხებიან იპოთეკარები, ანუ ის პირები, ვინც იპოთეკით დატვირთეს ქონება სესხების ასაღებად და აღნიშნული ჩვენებებით დადასტურდება, რომ იმთავითვე, სესხის აღების დროს, ეს სესხი მიმართული იყო მამუკა ხაზარაძეზე და ბადრი ჯაფარიძეზე. ასევე, დაიკითხებიან ბანკის თანამშრომლები და მათ ჩვენებებით დადასტურდება ისევე როგორც წინაზე, რომ ბანკი არ იყო ინფორმირებული სესხის გაცემის დროს, რომ ეს სესხები რეალურად უნდა გადასესხებულიყო მამუკა ხაზარაძეზე და ბადრი ჯაფარიძეზე და თვლიდნენ, რომ ეს სესხები გასცეს საბრუნავი სახსრების შესავსებად,“ - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.