24 აპრილი 2024,   16:41
ვრცლად
გვარებს შორის დაპირისპირება პანკისში - რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკების პირველი ნაწილი დასრულდა

თელავის რაიონულ სასამართლოში, პანკისში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე არბი ქავთარაშვილის და რუსლან ხანგოშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკების პირველი ნაწილი დასრულდა და ჩეჩნეთიდან ჩამოსულმა 15-კაციანმა ჯგუფმა, პანკისის ხეობა უკვე დატოვა. მოლაპარაკებები დაპირისპირებული გვარის წევრებთან და მათ ახლობლებთან მიმდინარეობდა. საბოლოო გადაწყვეტილებით, მუთოშვილები მზად არიან ძველი ტრადიციები დაივიწყონ და ყურანს დაემორჩილონ.

ჩეჩნეთიდან 15-კაციანი ჯგუფი ქავთარაშვილების თხოვნით უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარემ ჩამოიყვანა. მოკლული 37 წლის ვისური მუთოშვილის მამამ, ჩეჩნებს პირობა მისცა, რომ მხოლოდ დამნაშავეები დაისჯებოდნენ.

დაპირისპირების მოსაგვარებლად, ხეობაში მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება. პროცესში ჩართულია სახალხო კრება, რომელსაც ქავთარაშვილები და ხანგოშვილები მკვლელობის ზუსტი მიზეზების დადგენამდე ვერ დაესწრებიან.

პანკისელები ცდილობენ ვითარების განსამუხტად პასუხისმგებლობა გადაინაწილონ და სიმშვიდის შესანარჩუნებლად ყველა ძალა გამოიყენონ.

უხუცესთა საბჭოს წევრი იხსენებს, რომ კონფლიქტის შესახებ ინფორმირებული იყო. სწორედ ამიტომ, დაპირისპირებულ მხარეებს შეხვდა და მათთან საუბარი სცადა, თუმცა უშედეგოდ. პანკისელი უხუცესი კონფლიქტის მიზეზს არ ასახელებს, მაგრამ ამბობს, რომ მაშინ საუბარი მუთოშვილებმა არ ისურვეს, ქავთარაშვილები კი კონფლიქტის მოგვარებას ცდილობდნენ.

დაკავებული ხანგოშვილისა და ქავთარაშვილის საქმის არსებითი განხილვა, თელავის რაიონულმა სასამართლომ დღეს დაიწყო. მხარეები შესავალი სიტყვით წარდგნენ, დაცვის მხარემ კი, ორი მტკიცებულების უდაოდ ცნობა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. მომდევნო პროცესი მოწმეთა გამოკითხვით განახლდება. როგორც ბრალდებულები ამბობენ, ისინი დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებენ.

37 წლის ვისო მუთოშვილი გასული წლის 27 ნოემბერს, ორმხრივი სროლის დროს სოფელ საკობიანოში მოკლეს. მასთან ერთად, დაპირისპირების დროს 4 მამაკაცი დაიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განზრახ მკვლელობის ბრალდებითა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე, ორი პირი  - რუსლან ხანგოშვილი და არბი ქავთარაშვილი დააკავა.

დღის ამბები