20 აპრილი 2024,   15:31
ვრცლად
მონასტერში ნაპოვნი თავშესაფარი - რატომ ცხოვრობდა კელიაში, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ფსიქიკური პრობლემების მქონე პირი

მარტყოფში, მამათა მონასტერში, მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, როგორც აღმოჩნდა, ერთხელ უკვე ნასამართლევია წარსულში ჩადენილი მკვლელობისთვის. კახა შელიამ გუშინ ეკლესიის ტერიტორიაზე განმეორებითი დანაშაული ჩაიდინა. მან კელიაში მასთან ერთად მცხოვრები მამაკაცი ცივი იარაღით მოკლა.

მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში საგამოძიებო მოქმედებები მას შემდეგ განახლდა, რაც პოლიციამ მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე დააკავა. საგამოძიებო ექსპერიმენტის შემდეგ, კელიიდან, სადაც ყელგამოჭრილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს, ბრალდებულ კახა შელიას პირადი ნივთები წაიღეს.

კახა შელია, რომელიც ამ დროისთვის "კურიერის" ინფორმაციით, წინასწარი დაკავების იზოლატორშია, წარსულში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს. მან სენაკში 2000 წელს საკუთარი მეზობელი მოკლა. როგორც ირკვევა, დამნაშავე ახალგაზრდა ქალს მიეპარა, დანით სასიკვდილო ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა და ადგილიდან გაიქცა.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგონას ახლობლებმა შელიებს შურისძიების მოტივით სახლ-კარი გადაუწვეს და ქალაქიდან გაასახლეს. ზუსტად 20 წელია, რაც სენაკში ოჯახის არც ერთი წევრი აღარ უნახავთ. ადგილობრივებს წლების წინ დატრიალებული ტრაგედია გაახსენდათ მაშინ, როცა გავრცელდა ამბავი, რომ მამათა მონასტერს შეფარებულმა ფსიქიკურად დაავადებულმა კახა შელიამ რუსეთის მოქალაქე იგორ დონსკოი მოკლა.

კახა შელიას ერთადერთი ნათესავი მისი ბიძაა, რომელიც სოფელ გეჯეთში ცხოვრობს. ოჯახმა "კურიერისგან" შეიტყო, რომ 50 წლის მამაკაცი ისევ მკვლელობისთვის დააკავეს. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე არავინ იცოდა.

იმის გამო, რომ კახა შელიას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, სასამართლოს გზით მისჯილი 18 წლიანი პატიმრობა ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა, გათავისუფლების შემდეგ კი თავი ეკლესიას შეაფარა. მონასტრის წინამძღვარი ამბობს, რომ გასულ წელს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს დახმარებისთვის მიმართა, თუმცა ექიმებმა უთხრეს, რომ შელია ჯანმრთელი იყო და მას ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონდა, რასაც ცენტრის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს.

სავარაუდო დამნაშავე 24 საათზე მეტ ხანს იძებნებოდა. მან მონასტრიდან მიმალვა ნორიოს ტყის გავლით შეძლო. მკვლელობიდან მეორე დღესაც მონასტრის სტუმრებისა და მორჩილებისთვის უცნობია მოტივი, რის გამოც დანაშაული მოხდა.

დღის ამბები