18 აპრილი 2024,   13:23
ვრცლად
არასრულწლოვნის გატაცება იორმუღანლოში - ადგილობრივების ინფორმაციით, გატაცების მიზანი გოგონასთან დაოჯახება იყო

გატაცებული არასრულწლოვნის საქმე და ორი დაკავებული. დანაშაული კახეთში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ორმა მამაკაცმა მოზარდ გოგონას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. ორივე დაკავებულია, მათ 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.  

ადგილობრივები ყვებიან, რომ გატაცების მიზანი არასრულწლოვან გოგონასთან დაოჯახება იყო. 

როგორც თავად გატაცებული გოგონა "კურიერს" უყვება, დილით და-ძმასთან ერთად სკოლაში მიდიოდა, სახლთან ახლოს შავი ავტომობილი დახვდათ, სადაც სამი მამაკაცი იმყოფებოდა. გოგონა იხსენებს, რომ სამიდან ორი ავტომობილიდან გადმოვიდა დ ძალის გამოყენებით მანქანაში ჩატენეს, მის დას კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ გოგონა გაიტაცეს და სოფელთან ახლო მდებარე ფერმაში მიიყვანეს. გოგონას თქმით, გამტაცებლებს ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღი და დანაც ჰქონდათ.

გოგონა გამტაცებლის ბიძამ მშობლების სახლში მას შემდეგ დააბრუნა, რაც გაიგო, რომ ის არასრულწლოვანი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგარეჯოს რაიონულ განყოფილებაში, გოგონას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.  

"ეს არის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად, რაც თავისთავად მძიმე დანაშაულია, მით უმეტეს, რომ გატაცების დროს მოხდა გოგონას დაზე ფიზიკური ძალადობა. ვფიქრობ, გამოძიება მხოლოდ ერთი მუხლით არ წარიმართება, რადგან დანაშაული ჯგუფურად მოხდა. 

თავისთავად გოგონამ ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად და ოჯახის მოთხოვნაა, დამნაშავეები მკაცრად დაისაჯონ," - აცხადებს დაზარალებულის უფლებადამცველი ლია ხუროშვილი.

საქმეში 17,18 და 19 წლის ბიჭები ფიგურირებენ. ამათგან ორი - 17 და 19 წლისები სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, ავტომობილის მძღოლი იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. 

დაკავებულები ამ დროისთვის საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან, სადაც მათი დაკითხვა მიმდინარეობს. ბრალდებულებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები