გიორგი რურუას ადვოკატი პროკურატურას მიმართავს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს. საკანში გადაღებული ვიდეომასალის მედიაში გასაჯაროების შემდეგ, დაკავებულის უფლებადამცველი აცხადებს, რომ ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ რურუას საქმე თავიდან ბოლომდე გაყალბებულია.
გიორგი რურუას უფლებადამცველი ამბობს, რომ გავრცელებულ ვიდეომასალაში იკვეთება სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი დანაშაული. დიტო საძაგლიშვილის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ადვოკატები მოატყუეს, მსგავსი მეთოდით შევიდნენ რურუასთან საკანში და ძალის გამოყენებით ამოიღეს დნმ-ის ნიმუშები.
"ის გარემოება, რომ თითქოს და მათ ამის უფლება ჰქონდათ, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. მათ ჰქონდათ უფლება, რომ შესულიყვნენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ მათ ეს უნდა გაეკეთებინათ ადვოკატის მონაწილეობით და რაც ხდება მერე უკვე ვიდეო კადრებზე ცალსახად ადასტურებს დანაშაულის ჩადენას. ეს სასამართლო განჩინებაში ნამდვილად არ ყოფილა მითითებული, რომ პარკებში ჩაეყარათ პირადი ნივთები და გასულიყვნენ საკნიდან ისე, რომ არანაირი დოკუმენტი არ შეედგინათ. გიორგი რურუა აქეთ არის დანაშაულის მსხვერპლი და რეალურად დამნაშავეები არიან ის პოლიციელები, რომლებიც ამ მოქმედებას ასრულებდნენ," - აცხადებს ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი.
შეგახსნებთ, გუშინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცავებმა გიორგი რურუას დნმ-ის ნიმუშები ძალის გამოყენებით აიღეს.
პენიტენციური დაწესებულების განცხადებით, არსებობდა ნებართვა, რომ თუ ბრალდებული კვლავ უარს განაცხადებდა დნმ-ის ნიმუშის აღებაზე, საგამოძიებო მოქმედება იძულების წესით ჩატარდებოდა.
გიორგი რურუა 18 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დატოვების შემდეგ დააკავეს. სამართალდამცავები მას იარაღის უკანონო ტარება-შენახვას ედავებიან. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.