გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის საქმის განხილვას საქალაქო სასამართლო დღეიდან იწყებს. დაკავებულს, 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების მიცემაში ადანაშაულებენ.
მხარეები დღეს მტკიცებულებების დაშვებობის საკითხს განიხილავენ. შესაძლოა, მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. შესაბამისი განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციას სახელმწიფო ინსპექტორმა უკვე მიმართა.
ბრალდებულის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი კი, დღევანდელ სასამართლოზე პროცესზე მარიანა ჩოლოიანის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხს დააყენებს.
"ვიმედოვნებთ, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დავადასტურებთ მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობას წარდგენილ დაუსაბუთებელ ბრალთან დაკავშირებით," - განაცხადა სასამართლო პროცესის დაწყების წინ ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.
"ფაილზე, რომელზეც საუბარია, არ ჩანს, რომ ვინმე ვინმეზე ზეწოლას ახორციელებს. გამომძიებელს თავისთავად კომუნიკაცია ჰქონდა და ეს ჩანს, მაგრამ ფიზიკურად შეხებას ადგილი არ ჰქონია. საუბარი ჩანს მაგრამ ხმა არ ისმის, აქედან გამომდინარე ამ ვიდეოფაილზე დაყრდნობა საკმარისი არ არის," - განაცხადა მარიანა ჩოლოიანის კიდევ ერთმა ადვოკატმა არჩილ შაბაშვილმა.
საპირისპიროს ამტკიცებს ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატი. როგორც რეზო აჭარაძე ამბობს, საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომელიც მარიანა ჩოლოიანის მხრიდან ლუკა სირაძის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას ადასტურებს.
"ვიმედოვნებთ, რომ აღკვეთი ღონისძიება არ შეიცვლება და კვლავ პატიმრობა იქნება გამოყენებული. საქმეში არსებობს მასალები, ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანს არასრულწლოვანების დაპირისპირება, არაერთი პოლიციელი იყო დაკითხვის დროს მარიანა ჩოლოიანის მაგიდასთან და არასწორად ამყარებდა კომუნიკაციას.
ამის გარდა არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, მაგალითად უსაფრთხოების მენეჯერის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ, როგორც მარიანა ჩოლოიანი, ასევე სხვა პოლიციელები ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ძალადობას. გამოძიება გრძელდება და როგორც კი იქნება მტკიცებულებები შეგროვილი, საგამოძიებო ორგანოს საშუალებას მისცემს, ბრალი სხვა პოლიციელებს წარუდგინოს," - აღნიშნა ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატმა რეზო აჭარაძემ.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ, თვითმკვლელობის მიზნით შენობიდან გადახტა.