ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდნენ - მხარეებმა ე.წ. საზღვრის გახსნის საკითხი განიხილეს. ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ცხინვალში რიგგარეშე ვიზიტის დროს წნელისში არსებული მდგომარეობა და გამშვები პუნქტების გახსნის საკითხები განიხილეს. ჟენევის თანადავმჯდომარეებმა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საზღვრის გახსნის საკითხი დააყენეს.
"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ კონსტრუქციული დიალოგის ჩატარებას და ვისაუბრებთ გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით. ძალიან კარგია, რომ საზღვარი პენსიონერებისთვის გაიხსნა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ საზღვრის გახსნას მუდმივი ხასიათი მიეცემა. ყველაფერი, რასაც შეხვედრებზე განვიხილავთ, მიმართულია ადამიანების საკეთილდღეოდ. ერთად უნდა ვიფიქროთ, როგორ შეგვიძლია ადამიანების ცხოვრების გაიოლება" - განაცხადა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ ევროკავშირიდან ტოივო კლაარმა.
პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა, რომ ისინი ჟენევის ფორმატს დადებითად აფასებენ.
"უსაფრთხოების ატმოსფეროს შექმნა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ფართო მასშტაბით. გარწმუნებთ, ეს ჩვენი ყოველდღიური სამუშაოცაა იმისთვის, რომ სიტუაცია რაიონში იყოს მშვიდი," - განაცხადა მურატ ჯიოევმა.