27 აპრილი 2024,   07:45
ვრცლად
არასრულწლოვანთა კოდექსის დარღვევა - 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული გამომძიებელი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

15 წლის ლუკა სირაძისგან ჩვენების იძულებით მოპოვებაში ბრალდებული მარიანა ჩოლოიანი დღეს პროცესს ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ დაესწრო. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ გამომძიებელი დაუსწრებლად პატიმრობაში დატოვა.

მხარეები პროცესზე დახურულ რეჟიმში მტკიცებულებების დასაშვებობაზე სამი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. გარდაცვლილის ოჯახის უფლებადამცველი მთავარ ვიდეომტკიცებულებაზე საუბრობს, სადაც, მისი თქმით, ჩოლოიანის დანაშაული და არასრულწლოვანთა კოდექსის არა ერთი დარღვევა იკვეთება.

ვიდეომასალა, რომელიც პოლიციის განყოფილების შენობიდანაა ამოღებული, საქმის მასალებს უკვე დაერთო. მოსამართლემ დასაშვებად ცნო გარდაცვლილის დედისა და "მწვანე სკოლის" უსაფრთხოების წარმომადგენლის ჩვენებაც, რომელიც მთავარ მტკიცებულებადაა მოხსენიებული, თუმცა მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი ჩვენებებს დაინტერესებული მხარის პოზიციას უწოდებს. 

გამომძიებლის უფლებადამცველები დღეს, პროცესზე ჩოლოიანის აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას დაყენებული შუამდგომლობით ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ თავისუფლების შემთხვევაში, გამომძიებელი გამოძიების მიმდინარეობას ხელს შეუშლიდა.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე რომელსაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს, დამატებით, პოლიციის 2 თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოიკვეთა. უწყებამ შესაძლო დისციპლინური დარღვევების შესწვლის მიზნით, მასალები გენერალურ ინსპექციას დაუბრუნა.

არასრულწლოვანთა კოდექსის დარღვევისთვის 500 ლარით "მწვანე სკოლაც" დაჯარიმდა, რომელმაც პოლიციას სკოლის ვიდეო-სათვალთვალო კამერები იმ დღესვე გადასცა. საქმის არსებითი განხილვა 26 თებერვალს დაიწყება.

დღის ამბები