20 აპრილი 2024,   15:39
ვრცლად
20 ივნისის საქმე - სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის 2 მოწმე დაკითხეს

20 ივნისის საქმეზე სასაამართლო განხილვა გრძელდება. დღეს ბრალდების მხარის მოწმეები, ორი სამართალდამცავი დაკითხეს. სხდომა უკვე დასრულებულია, გამოძიება ბრალდებულებს რბევას, ძალადობასა და სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებას ედავება.

დაკავებული ბესიკ თამლიანის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი სხვებს გამოესარჩლა და იმ ადამიანებს, რომლებსაც მისი თქმით, ბესიკ თამლიანი პოლიციისგან იცავდა, რუსუდან თამლიანმა გვერდში დგომისკენ მოუწოდა.

"ჩემი შვილი ორჯერ ისჯება ერთი და იგივე ქმედებისთვის, ჩემმა შვილმა ხელი აკრა ორჯერ ფარს იმიტომ, რომ ახალგაზრდა გოგო-ბიჭები ჩაყარეს ფანტანში, იმათ გამოესარჩლა. მე ინვალიდი ქალი ვარ და ჯოხს გადავამტვრევდი იმ პოლიციელს თავზე. ახლა მე ვთხოვ, მივმართავ იმ წყალში ჩაცვენილ ადამიანებს, შემომიერთდით,"- განაცხადა რუსუდან თამლიანმა.

ბესიკ თამლიანის და ზურაბ ბუდაღაშვილის ადვოკატი ვახტანგ იაშვილი აცხადებს,რომ ბრალდების მხარეს ისეთი მოწმეები მოჰყავს, რომლებიც საქმესთან შემხებლობაში ნაკლებად არიან:

"მოჰყავთ მოწმეები, რომლებიც შემხებლობაში ნაკლებად არიან და ბრალდებულებთან დაკავშირებით ფაქტობრივ გარემოებებს არ ფლობენ. ამ ეტაპზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ," - განაცხადა ვახტანგ იაშვილმა

დაკავებულების პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევს ბრალდების მხარე. პროკურორ გიორგი მუკბანიანის თქმით, დაკავებულების მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე ისევ რელევანტურია:

"მხარს ვუჭერთ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას. საფუძვლები დღეის მდგომარეობითაც სახეზეა, ეს გახლავთ მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები. საქმეზე მოწმეები ძირითადი ნაწილი გახლავთ პოლიციის თანამშრომლები, თუმცა არიან მოქალაქეებიც, რომლებზეც ზემოქმედების საფრთხე მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემაც და სასამართლომაც მიიჩნია, რომ დღეის მდგომარეობითაც რელევანტური გახლავთ," - განაცხადა გიორგი მუკბანიანმა.

დღის ამბები