გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში მოკლული 23 წლის ქალის ფატია ჰუსეინოვას მკვლელობის ფაქტზე "კურიერმა" დამატებითი დეტალები გაარკვია.
"კურიერი" მოკული ფატია ჰუსეინოვას დედას თაზაგულ გუსეივას ესაუბრა. მისი განცხადებით, ყოფილი სიძის მხრიდან ძალადობას სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. მოკლულის დედის მტკიცებით, ბალდებული ძალადობდა არა მხოლოდ მოკლულზე, არამედ მასზეც.
მოკლული ქალის დედა ამბობს, რომ მისი ყოფილი სიძე წამალდამოკიდებული იყო, მოიხმარდა სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს და ამისთვის მუდმივად თანხას ითხოვდა.
მოკლულის დედის განცხადებით, თუ მისი ყოფილი სიძე თანხას ვერ მიიღებდა აგრესიული ხდებოდა და მცირეწლოვან შვილებზეც ძალადობდა.
"გუშინ ღამის 12-საათზე სახლში ვიყავი. შემოვიდა, თავიდან ჩვეულბრივ საუბრობდა. მერე აღელდა. ვიგრძენი რომ რაღაცას მოიმოქმედებდა. გარეთ გავედი და ყვირილი დავიწყე. მეზობლებს დახმარებას ვთხოვდი. სახლში შესვლა რომ დავაპირე, აქ აივანზე მიმანარცხა. გონება დავკარგე. გონს რომ მოვედი და სახლში შევედი, ვნახე, რომ ქალიშვილი უკვე მკვდარი იყო. ისინი წელიწადი და ხუთი თვეა ერთად აღარ ცხოვრობდნენ. ჩემს შვილს მან დანა ყელზე ორჯერ დაუსვა," - განაცხადა მოკლული ქალის დედამ.
მკვლელობის ერთ-ერთ მიზეზად ეჭვიანობაც სახელდება. მეზობლების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყოფილი მეუღლის ტელეფონში სმს შეტყობინებები წაიკითხა, რის შემდეგაც გახდა აგრესიული.
გარდა ამისა, მეზობლები ამბობენ, რომ ბრალდებული ძალადობის მუხლით ადრეც იხდიდა სასჯელს. სიდედრის ცემის ფაქტზე მას 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
"ნარკომანი იყო, სულ ემუქრებოდა ოჯახს. დაჭერილიც იყო. სულ ფულს ითხოვდა. მოკვლით ემუქრებოდა დედა-შვილს," - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.
"ჩვენ გვაქვს მოსახლეობის მხრიდან ინფორმაცია, რომ რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთ ოჯახის წევრს მიაყენა ზიანი. რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ციხიდან," - აღნიშნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რაფი ორუჯოვიმ.
24 წლის ქალს ყელი გუშინ გამოჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი ქმარი. მას 13-დან 17-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: დავით ცაგარელი