20 აპრილი 2024,   06:58
ვრცლად
სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი სოფელი - ხიდისთავის მოსახლეობას წყლისთვის კილომეტრების გავლა უწევს

გორის რაიონის სოფელი ხიდისთავი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი - ადგილობრივ ციალა ტლაშაძეს სასმელი წყალი სახლში ყოველდღიურად მიკროავტობუსით მოაქვს. მას შემდეგ, რაც გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში მომარაგების პრობლემა გაჩნდა მოსახლეობას წყლისთვის კილომეტრების გავლა უწევს.

წყლის პრობლემამ ხიდისთავის მოსახლეობა ერთად შეკრიბა. სოფელს სასმელი წყალი რამდენიმე კვირაა, ან საერთოდ არ აქვს, ან - შეფერხებით მიეწოდება. ადგილობრივების თქმით, სიტუაცია სოფელში მას შემდეგ გაუარესდა, რაც წყალმომარაგების სისტემის მილები შეიცვალა. ხიდისთავში ფიქრობენ, რომ ხარვეზების გამომწვევი მიზეზი არასწორად დაპროექტებული და შემდეგ განხორციელებული სამუშაოებია.

წყლის პრობლემას არასწორად შესრულებულ სამუშაოებსა და ბიუჯეტიდან თანხების ფლანგვას უკავშირებენ ოპოზიციაში. "ნაციონალურ მოძრაობაში" ხიდისთავის გარდა, სხვა სოფლებსაც იხსენებენ, სადაც შესრულებული სამუშაოების მიუხედავად, საკითხი მაინც მოუგვარებელი დარჩა.

პრობლემის გამომწვევი მიზეზის ახსნის საკუთარი ვერსია აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას. გორის მერიაში უკვე განხორციელებული სამუშაოების არასწორად ჩატარებას გამორიცხავენ და უწყლობას ყინვებს აბრალებენ.

ადგილობრივ ხელისუფლებაში პრობლემის საბოლოოდ მოგვარებას წყალმომარაგების მთლიანი სისტემის რეაბილიტაციაში ხედავენ. სამუშაოების დაწყებას მერია გაზაფხულიდან გეგმავს.

დღის ამბები