23 ოქტომბერი 2020,   12:22
ვრცლად
ინტერპოლით ძებნილი რუსი ბიზნესმენის სასამართლო პროცესი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება

ინტერპოლით ძებნილი რუსი ბიზნესმენის, სერგეი ბოკარევის სასამართლო პროცესი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. ის საქართველოს პოლიტიკურ თავშესაფარს თხოვდა, რაზეც უარი მიიღო.

მისი უფლებადამცველი სასამართლოში სწორედ თავშესაფრის მიღებაზე უარს ასაჩივრებს. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტი ქვეყნის გავლენის ქვეშ მოექცეს და ის მათ სამართალდამცავებს გადასცენ. ბოკარევს რუსეთში დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავებიან.

"მას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი უთხრა თავშესაფრის მინიჭებაზე და ჩვენ ვასაჩივრებთ ამ უარს. არ არის თანხმობაში მისი მოქმედებები რუსეთის ხელისუფლებასთან და ის ამიტომ იდევნება. გვაქვს მრავალრიცხოვანი მტკიცებულებები, რომ საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მას მიენიჭოს თავშესაფარი და საქართველოს სახელმწიფომ უზრუნველყოს მისი დაცვა უკანონო დევნისაგან," - განაცხადა ადვოკატმა მალხაზ პატარაიამ.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი ამბობს, რომ ბოკარევის პროცესს დააკვირდება და იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მისი რუსეთისთვის გადაცემას დააპირებს, პროტესტს აანონსებს.

"არის საშიშროება, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ეს ადამიანი გადასცეს რუსეთს, რაც არის სირცხვილი არა მარტო ხელისუფლების, არამედ ქართული საზოგადოების სირცხვილია. ვიქნები სასამართლოზე, გვექნება მონიტორინგი, დავაკვირდებით პროცესს და იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გადასცემს ამ ადამიანს რუსეთს და შეასრულებს სამარცხვინო მოთხოვნას, ჩვენ რა საკვირველია გვექნება გარკვეული პროტესტი," - აცხადებს სერგო რატიანი.

დღის ამბები