18 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი ცენტრის პრობლემებზე საუბრობს - ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ დაფინანსების გამოყოფა იგეგმება

თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი ბიძინა მგალობლიშვილი არ მალავს, რომ ცენტრში ინვენტარისა და საცხოვრებელი პირობების კუთხით მძიმე მდგომარეობაა. ბიძინა მგალობლიშვილის თქმით, დაფინანსება, რომელიც დაწესებულებას აქვს მხოლოდ პაციენტების მკურნალობისა და მათი შენახვისთვის არის საკმარისი. 

"ძაან დიდი ხანია, არ მომხდარა განახლება და მარტო იმ დაფინანსებით, რაც ჩვენ გვაქვს, ეს აბსოლუტურად პაციენტების მკურნალობაზე და მათ შენახვაზე მიდის. ჩვენ, ჩვენი ძალებით, რაღაცა რომ ფუჭდება, ვაკეთებთ. ინვენტარი სკამები, კარადები, კი, როდესაც გადმოვედით შეიძინეს. არ გამოცვლილა საწოლები. საწოლები არის იმ დროინდელი, 1982 წელს რომ გაიხსნა საავადმყოფო, იქიდან მოყოლებული, რაც იყო, ის საწოლებია,"- განაცხადა ბიძინა მგალობლიშვილმა.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ გლდანის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებისთვის დაფინანსება გამოყოფა იგეგმება, თუმცა სახელმწიფო მცირე ზომის საცხოვრისებზე გადასვლაზეა ორიენტირებული.

"მდგომარეობა რთულია. ჩვენთვის ცნობილია, რომ მდგომარეობა დიდი ზომის დაწესებულებებში სერიოზულ გამოსწორებას საჭიროებს. დღის წესრიგში გვაქვს გლდანის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებაში ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გარკვეული ინვესტიცია, თუმცა ეს იქნება მეტად კოსმეტიკური და იმ აუცილებელი, ბაზისური საჭირობების დაკმაყოფილებისთვის რაც პაციენტების და ბენეფიციარების იქ ყოფნას მისცემს მისაღებ ფორმას. თუმცა, ამის პარალელურად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის ხელშეწყობაზე, რათა მეტად გადავიდეთ მცირე ზომის საცხოვრისებზე,"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აღნიშნულ პრობლემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

"ფსიქიატრიული ჯანდაცვის მიმართულებით არსებობს სტაგნაცია ქვეყანაში. შექმნილი არ არის თერაპიული გარემო, რაც უზრუნველყოფს პაციენტის რეაბილიტაციას და მომზადებას მისი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, უფრო მეტად ფსიქიატრიული დაწესებულებების მიზანია სრული იზოლაცია საზოგადოებისგან და ოჯახისგან. სანიტარულ ჰიგიენური მდგომარეობაც არ არის დამაკმაყოფილებელი, ხელმისაწვდომობა ცხელ ხაზზე არის ძალიან შეზღუდული და, ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მხოლოდ მინიმალურად აკმაყოფილებს პაციენტის სტანდარტს,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებულ არასათანადო პირობებებთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. 

დღის ამბები