საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 მოწმე გამოიკითხა. დაცვის მხარის განცხადებით, დღემდე გამოკითხული არცერთი მოწმე ოქრუაშვილის ბრალეულობაზე ვერ საუბრობს. სასამართლო პროცესს კვლავ არ ესწრებოდა ირაკლი ოქრუაშვილი.
"ირაკლი ოქრუაშვილს არ აქვს არანაირი კავშირი სხვა ბრალდებულთან, რომელიც მონაწილეობს ან მონაწილეობდა ამ საქმეებში. არ ყოფილა დაფინანსებული ვინმეს მიერ, არ არსებობდა მოიერიშე ჯგუფები და სხვადასხვა დროს მივიდა იქ ხალხი, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ და გამოძიება ცდილობდა სხვა რამე დაემტკიცებინა," - აცხადებს ადვოკატი ვახტანგ იაშვილი.
პროკურორ გიორგი მუკბანიანის თქმით, დღევანდელ პროცესზე ის გამომძიებლები დაიკითხნენ, რომლებმაც მოცემულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს:
"დაიკითხა ბრალდების მხარის მოწმეები, კერძოდ გამომძიებლები, რომლებიც აწარმოებდნენ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას, მათ დაადასტურეს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა და კანონიერება, ასევე ბრალდების მხარემ დაასრულა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა," - განაცხადა გიორგი მუკბანიანმა.