18 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
მოწყობილობა SOS ღილაკით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში დარიგდება

საზოგადოებრივმა "მოძრაობა მომავლისთვის" და ანტისაოკუპაციო მოძრაობამ "ძალა ერთობაშია" ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მოძრაობის ლიდერებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების დაცვისა და ადამიანთა გატაცების წინააღმდეგ მიმართული პროექტი წარადგინეს. 

პრესკონფერენციაზე დავით ქაცარავამ საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადამიანთა გატაცების სტატისტიკაზე ისაუბრა და მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის წარმოადგინა სპეციალური მოწყობილობა, GPS Tracker-ი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას დაურიგდება. დავით ქაცარავას თქმით, გატაცების საშიშროების წინაშე მდგარმა მოქალაქემ 5 წამის განმავლობაში უნდა დააჭიროს მოწყობილობაზე არსებულ SOS ღილაკს, რომელიც შესაბამის სიგნალს მითითებულ ნომერზე გაგზავნის.

"ეს არის ე.წ. GPS Tracker-ი, რომელიც დაურიგდება, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას, რომლებიც აქტიური მომხმარებლები გახდებიან იქიდან გამომდინარე, რომ ისინი რისკის ქვეშ არიან. ეს მოწყობილობა დაეხმარება სიტუაციას იმისთვის, რომ არ მოხდეს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა,"- განაცხადა დავით ქაცარავამ

საზოგადოებრივი "მოძრაობა მომავლისთვის" ლიდერი თეონა დოლენჯაშვილი აცხადებს, რომ ორგანიზაცია, რომელსაც ის წარმოადგენს, შეიძენს ამ მოწყობილობებს და ორ სოფელს მოამარაგებს.

"მოძრაობა მომავლისთვის" არის პირველი, ვინც შეუერთდა ამ ინიციატივას, რომელმაც აიღო ერთგვარი შეფობა სოფლის მცველის პროექტზე. ჩვენ, ამ შემთხვევაში, ვიღებთ ორ სოფელს და ჩვენ შევიძენთ ამ მოწყობილობებს, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას,"- განაცხადა თეონა დოლენჯაშვილმა.

დავით ქაცარავას თქმით, თითო სოფელს დაურიგდება 10 ასეთი მოწყობილობა და შეიქმნება სისტემა, რომ მოწყობილობა გადაეცეს იმ ადამიანს, ვისთვისაც ასეთი საჭიროება დადგება.

"ძალა ერთობაშიას" ლიდერი აღნიშნულ საკითხში თანამშრომლობას ხელისუფლებასაც სთავაზობს.

დღის ამბები