26 აპრილი 2024,   06:54
ვრცლად
70-ე "ბერლინალე" - ქართული ფილმები კინობაზრობაზე, ლევან გელბახიანი ამომავალი ვარსკვლავების ათეულში და ჯერემი აირონსი ჟიურის სათავეში

ყოველ წელს თებერვლის თვეში, მსოფლიოს 76 ქვეყნიდან, კინემატოგრაფისტები, ჟურნალისტები და დარგის სპეციალისტები ბერლინში კინოსამყაროს ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალისთვის იკრიბებიან. "ბერლინალე" წელს უკვე სამოცდამეათედ იმართება და ევროპული კინოს ბაზრობაზე ქართული პავილიონი წელს მეთხუთმეტედ იქნება წარმოდგენილი. წელს ფესტივალის საერთაშორისო ჟიურის ოსკაროსანი მსახიობი ჯერემი აირონსი უხელმძღვანელებს.

უკვე ხვალიდან საქართველოს კინოცენტრის ორგანიზებით ქართველი რეჟისორები და პროდიუსერები ბერლინში გაემგზავრებიან და სექციების მიხედვით დაგეგმილ ღონისძიებებსა თუ ჩვენებებს გამართავენ. წელს მსახიობი ლევან გელბახიანი ლევან აკინის ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ" შესრულებული მთავარი როლისთვის იმ ახალგაზრდა, წარმატებული მსახიობების ათეულში მოხვდა, რომლებიც ბერლინის 70-ე კინოფესტივალზე ამომავალი ვარსკვლავის სტატუსით წარდგებიან. 24 თებერვალს კი ამ ახალგაზრდა მსახიობთა ათეულს "ევროპელი ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს" გადასცემენ. "ბერლინალეს" ბაზრობაზე 2 ქართული ფილმის ჩვენება გაიმართება. ლანა ღოღობერიძის "ოქროს ძაფი" და უტა ბერიას სადებიუტო ფილმი "უარყოფითი რიცხვები".

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს ქართველი კინემატოგრაფისტები საკუთარი ფილმების პროექტებს უცხოელ კოლეგებსა და პოტენციურ პარტნიორებს წარუდგენენ.

ბერლინის 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 20 თებერვალს დაიწყება და 1 მარტამდე გასტანს. წლევანდელი ვერცხლის და ოქროს დათვის მფლობელების ვინაობაც ზუსტად ამ დროს გაირკვევა.

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები