20 აპრილი 2024,   13:04
ვრცლად
​2019 წლის 28 ოქტომბერი, სპეცდანაყოფი "ჭიაყელა" - ГРУ-ს მასშტაბური კიბერშეტევა საქართველოს წინააღმდეგ 

საქართველოს "ჭიაყელა" ებრძვის - სწორედ ასე ჰქვია "გრუს" ქვედანაყოფს, რომლის მეშვეობითაც რუსეთმა საქართველოზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განახორციელა. 4 თვის წინ, განხორციელებულმა კიბერშეტევამ მწყობრიდან გამოიყვანა საქართველოს 2 ათასი ვებგვერდი, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურები და სატელევიზო არხები.

უკვე დადასტურებულად ცნობილია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო იყო ის ორგანო, საიდანაც, რამდენიმე თვის წინ, საქართველოზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა. ის, რომ 4 თვის წინ, მომხდარ მასიური კიბერშეტევაში მთავარი დამნაშავე რუსეთია, დღეს საქართველოს საგარეო უწყებამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. დიპლომატიურმა სამსახურმა დაასახელა მიზეზიც, თუ რის გამო განახორციელა "გრუს" დანაყოფმა შეტევა ოფიციალურ თბილისზე.

ვლადიმერ კონსტანტინიდმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ კიბერშეტევა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას და საქართველოს მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად.

4 თვის წინ მომხდარი მასიური კიბერშეტევის დროს საქართველოს მთავრობისა და კერძო საკუთრებაში არსებული ათასამდე ვებ-გვერდის მუშაობა შეფერხდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კიბერდარტყმა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოსგან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო. რუსული "გრუს" მიერ განხორციელებულ თავდასხმას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე უწოდეს ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული იერიში.

კიბერშეტევის გამოძიება და მისი შედეგები იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა, რომ მას ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რომელმაც მოსკოვის მიერ განხორციელებული თავდასხმის გამო საქართველოს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა და თანადგომა აღუთქვა. ოფიციალური ვაშინგტონიდან გაკეთებულ განცხადებას მოყვა ბრიტანეთის დიპლომატიური მისიის მკაცრი განცხადებაც.

ოფიციალური ვაშინგტონისა და ლონდონის პარალელურად საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას, რომლის მთავარი დამნაშავე უკვე ცნობილია, გამოეხმაურნენ მეგობართა ჯგუფის სხვა ქვეყნებიც. პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები - ეს ის ქვეყნებია, რომლებიც გარდა იმისა, რომ მოსკოვის აგრესიულ ქმედებას ღიად გმობენ, მზად არიან საქართველოს დახმარებაც გაუწიონ. განსაკუთრებით მწვავე განცხადებები ჰქონდათ ქვეყნებს. რომლებიც საქართველოს კიბერთავდაცვაზე ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოდან ზრუნავენ, საქართველომ პირველი სერიოზული კიბერთავდასხმა მოსკოვიდან სწორედ ომის დროს განიცადა.

ის, რომ 4 თვის წინ, კიბერთავდასხმა საქართველოზე მოსკოვმა განახორციელა, სიახლედ არ მიიჩნათ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მმართველი ძალა უკვე წლებია არაფერს აკეთებს ქვეყნის უსაფრთხოების, მათ შორის კიბერუსფრთხოების გასაძლიერებლად. ოპონენტების შეფასებებს არ იზიარებს უმრავლესობა და ამბობს, რომ მმართველ გუნდს შეუძლია ამ გამოწვევას გაუმკლავდეს.

4 თვის წინ განხორციელებული კიბერთავდასხმაში მთავარი დამნაშავე დღის ბოლოს აცხადებს, რომ ოფიციალური თბილისის ბრალდებები უსაფუძვლოა. იმაზე, რაზეც მსოფლიო ყველა წამყვანმა ქვეყანამ თქვა, რომ რუსეთია დამნაშავე, ლავროვის უწყება ჯიუტად იმეორებს, რომ ინტერნეტ აგრესიაში მოსკოვს მონაწილეობა არ მიუღია.

დღის ამბები