საქართველოს საერთაშორისო იმიჯის და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი კამპანიის ავტორებად პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას ასახელებს. "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივნის განცხადებით, რადიკალური ძალების განცხადებებიდან ჩანს, რომ მათ არა საკუთარი ქვეყნის, არამედ უცხო სახელმწიფოების ინტერესების დაცვა სურთ. შალვა პაპუაშვილისთვის ოპოზიციის მიდგომები დაუფარავი მინიშნებებია, რომ საქართველო სხვა ქვეყნების გეგმებს უნდა მოერგოს. ვიწროპარტიულ ინტერესად შეფასდა ისიც, რომ ქვეყანას ირანის და რუსეთის ღია მოკავშირედ ასახელებენ და ჩინეთთან კავშირების დისკრედიტაცია სურთ.
საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაზიანებაში "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ამხილა. ოპოზიციური ალიანსის წევრების მტკიცებით, გლობალური ცვლილებებისა და სამხრეთ კავკასიაში ამერიკის ინტერესების ფონზე, საქართველო შესაძლებლობებს არ იყენებს.
რადიკალური, ანტიქართული და სახელმწიფოს სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველი - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ალიანსის ლიდერების პოზიციას. შალვა პაპუაშვილს მიაჩნია, რომ ოპოზიცია ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე საუბრის დროს სხვა ქვეყნების სასარგებლო პოზიციების დაცვას ცდილობს.
ბრალდებებზე სხვადასხვა გვარად რეაგირებენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.
სახელმწიფოს იმიჯისა და რეპუტაციის შელახვას ხედავენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოპოზიციის ქმედებების მიღმა. ამბობენ, რომ სწორედ ეს ადასტურებს მათ მოღალატეობრივ ინტერესებს.
სახელმწიფოს ღალატის ქრონიკა - მთავრობის მეთაურის თქმით, ყოფილი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისგან არაფერი უკვირთ, რადგან ქვეყნის წინააღმდეგ ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც მოქმედებდნენ და ამას ოპოზიციაში გადასვლის შემდეგაც განაგრძობენ.
მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ოპოზიციის ქმედებები ქვეყნის ღალატი და სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაა, რასაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკული შეფასება სჭირდება.