11 ივნისი 2026,   01:12
ვრცლად
"ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენის გაშუქებას ვიწყებთ ხვალიდან, წარმოუდგენელი ზეიმი ელის ქართველ გულშემატკივარს" - ლაშა დვალიშვილი

პირველად "რუსთავი 2-ის" ისტორიაში, პლანეტის ყველაზე დიდი სპორტული მოვლენა, - ხვალ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება, პირდაპირ ტრანსლაციას კი მაყურებელს "რუსთავი 2" შესთავაზებს.

რა ელოდება გულშემატკივარს და როგორი იქნება მუნდიალის უწყვეტი ციკლი არხზე - თემაზე "ღამის კურიერში" ჟურნალისტმა ლაშა დვალიშვილმა ისაუბრა.

"ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენის გაშუქებას ვიწყებთ ხვალიდან. წარმოუდგენელი ბედნიერებაა და წარმოუდგენელი ზეიმი ელის ქართველ გულშემატკივარს. მე არ ვგულისხმობ გულშემატკივარში მხოლოდ სპორტის და კონკრეტულად ფეხბურთის ქომაგებს. განურჩევლად ნებისმიერი ადამიანისთვის უაღრესად დიდი მოვლენა იწყება ხვალ - მოვლენა, რომელსაც 4 წელია ველით.

ერთი რამ მინდა აღვნიშნო გულშემატკივრის გასაგონად, ყველა გვილოცავს, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, თუ რაოდენ დიდი სამუშაოს გაწევა მოუხდა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს", მის ხელმძღვანელობას, ტექნიკურ პერსონალს - ყველას, რომ ამ მოკლე დროში გაგვეკეთებინა თუნდაც დაგეგმარების კუთხით, პროგრამირების კუთხით... წარმოუდგენელი მოვლენის წინაშე ვართ, მით უმეტეს, ეს არის ისტორიული, იქიდან გამომდინარე, რომ პირველად ხდება, როდესაც 48 ქვეყანა მონაწილეობს, 104 თამაშის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვის საშუალება ექნება ჩვენს გულშემატკივარს და ეს არის უპრეცედენტო მოვლენა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში და ენით აღუწერელია ის ბედნიერება, თითოეული თანამშრომლის, რომელიც მუშაობს ტელეკომპანია "რუსთავი 2-ში", - ამბობს ლაშა დვალიშვილი.

მისივე თქმით, განსაკუთრებულ სამზადისში არიან კომენტატორები, რომლებიც სამი ქვეყნიდან 104-ვე მატჩს წაიყვანენ. მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ერთმანეთს 8 კომენტატორი შეცვლის.

"არცერთ ჩვენგანს არ გვაქვს უფლება, დავიღალოთ 20 ივლისამდე. 19-ში ფინალს გავაშუქებთ და მერე დავიღლებით... ჩვენი გეგმის მიხედვით, პრაქტიკულად უწყვეტი რეჟიმი იქნება. მეც და მთელი არხიც ბედნიერი ვიქნები მაშინ, როდესაც 20 ივლისს მივიღებთ მაყურებლისგან და გულშემატკივრისგან დადებით შეფასებას ჩვენ მიერ გაწეული სამუშაოსთვის.

მსგავსი მასშტაბის სპორტული ღონისძიება დედამიწაზე არ არსებობს. წარმოუდგენელი ზეიმია, რასაც თითოეული ჩვენგანი ვიხილავთ. მაქსიმალურად დავიხარჯებით. ამის პირობას ვდებთ მეც, ყველა წამყვანი, ყველა კომენტატორი, ყველა ჟურნალისტი თუ კომენტატორი. 20 ივლისამდე არ ვიღლებით. მე არ ვიცი, რა შეიძლება ამაზე მაგარი შესთავაზო ტელემაყურებელს. აქვე, მინდა სკეპტიკურად განწყობილი მაყურებელიც დავამშვიდო - ხარისხთან დაკავშირებით, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია - რეპორტაჟები იქნება HD ხარისხში. ვერ აღვწერ, თუ რაოდენ დიდი სამუშაო გასწია დაახლოებით 2-კვირიან მონაკვეთში ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობამ, ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა, დეკორატორებმა, ტექნიკურმა პერსონალმა. წარმოუდგენელი მასშტაბის სამუშაოა გაწეული", - აცხადებს ლაშა დვალიშვილი.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები