10 ივნისი 2026,   23:11
ვრცლად
საპროტესტო გამოსვლები ირლანდიაში - ბელფასტში მასობრივი არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელებში სუდანელი მიგრანტის მიერ ადგილობრივ მცხოვრებზე სასტიკი თავდასხმის ვიდეო გავრცელდა

ასობით შენიღბული პირი ბელფასტის ქუჩებში შუაღამისას გამოჩნდა. ჯგუფებმა ბარიკადები აღმართეს და ქუჩების ბლოკირება დაიწყეს. გზები სამშენებლო ნარჩენებით გადაკეტეს, ცეცხლი წაუკიდეს სამოქალაქო ინვენტარს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს და პოლიციის მანქანებს. მოგვიანებით კი იმ საცხოვრებელი სახლებისკენ გადაინაცვლეს, სადაც, მათი ინფორმაციით, იმიგრანტები ცხოვრობდნენ.

არეულობის მონაწილეებმა მოლოტოვის კოქტეილებით, ქვებით და აგურებით სახლები შეამტვრიეს და შენობებს ცეცხლი წაუკიდეს. შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ძალადობის პარალელურად, ალმოდებული ბინებიდან პოლიციას და მაშველებს მოსახლეობა უსაფრთხო ადგილებში - საავადმყოფოებში და პოლიციის განყოფილებებში გადაჰყავდა, დაუდგენელმა პირებმა არაერთი მაღაზია გაქურდეს და ანტისაიმიგრაციო გრაფიტი დატოვეს.

ბელფასტში მასობრივი არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელებში სუდანელი მიგრანტის მიერ ადგილობრივ მცხოვრებზე სასტიკი თავდასხმის ვიდეო გავრცელდა. კადრებში ჩანს, თუ როგორ ცდილობს დანით შეიარაღებული მამაკაცი მსხვერპლისთვის ყელის გამოჭრას. თავდამსხმელი - 30 წლის ჰადი ალოდიდი - სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. სასამართლომ მას მკვლელობის მცდელობის, სამედიცინო სამსახურის თანამშრომლის მიმართ მკვლელობის მუქარისა და საზოგადოებრივ ადგილას ცივი იარაღის ტარების ბრალდებები წარუდგინა.

ბელფასტში მიმდინარე არეულობამდე ანტისაიმიგრაციო პროტესტის კერა საუთჰემპტონი იყო. პროტესტის მიზეზი გახდა ჰენრი ნოვაკის საქმეზე საბოლოო განაჩენის გამოცხადება. განსასჯელის სკამზე არ აღმოჩნდნენ ის სამართალდამცველები, რომლებმაც თავდამსხმელის ცრუ ჩვენების საფუძველზე იმოქმედეს და მსხვერპლს დამნაშავესავით მოექცნენ. მომაკვდავ ახალგაზრდას, დახმარების ნაცვლად, ჯერ დასცინეს, ქვაფენილზე გაათრიეს და შემდეგ ხელბორკილები დაადეს.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები