გორი-არგვეთის გზის 105 კმ-იანი მონაკვეთი პირველი პროექტია, რომლის მოვლა-შენახვის ვალდებულება მთლიანად სახელმწიფო კომპანიის ფუნქცია გახდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ახლად შექმნილი კომპანია გზების, გვირაბებისა და ხიდების მონიტორინგზე იმუშავებს. სახელმწიფო რეაგირებიდან მართვის მოდელზე გადადის.
საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალის ეს მონაკვეთი სატრანზიტო დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ადგილზე ყოველდღიურად ათიათასობით ავტომობილი გადაადგილდება. მონაკვეთი 138 ხიდსა და 59 გვირაბს მოიცავს.
ახალი სისტემის მთავარი ფუნქცია პრევენციაა, კომპანიის ვალდებულება კი - სისტემური გამართულობის უზრუნველყოფა, ოპერატიული რეაგირება და უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვა.
გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის განმარტებით, კომპანიის საქმიანობა ხარისხის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. პრემიერის თქმით, გაჩნდება შესაძლებლობა სტიქიის დროს ოპერატიული რეაგირებისთვისაც. სახელმწიფო საკუთარ რესურსს გამოიყენებს და კერძო კომპანიის ტექნიკაზე დამოკიდებული აღარ იქნება.
კანონში შესატანი ცვლილებები საქართველოს მთავრობამ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტს უკვე წარუდგინა. დამტკიცების შემდეგ, შეიქმნება სახელმწიფო კომპანია, რომელიც ფუნქციონირებას მომავალი წლიდან დაიწყებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 63 მილიონ ლარს შეადგენს.