10 ივნისი 2026,   22:24
ვრცლად
მსოფლიო ჩემპიონატი "რუსთავი 2-ზე" - უპრეცედენტო სპორტული დღესასწაული იწყება!

4 წელიწადში ერთხელ, როცა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დრო გაჩერდება, ქუჩები დაცარიელდება და მილიარდობით ადამიანის მზერა მხოლოდ ერთ ეკრანს მიეჯაჭვება - ნანატრი დროც დგება, მსოფლიო საფეხბურთო საათით იწყებს ცხოვრებას და სუნთქვას, როცა ფეხბურთი ყველა ოჯახის სტუმარი ხდება.

მსოფლიოში არც ისე ბევრი მოვლენაა, რომელსაც შეუძლია მილიარდობით ადამიანი ასე  გააერთიანოს. ფეხბურთი ყველას აერთიანებს. ხვალინდელი მსოფლიო ჩემპიონატი ბევრი რამით იქნება გამორჩეული და რეკორდულიც, გუნდების რაოდენობით და იმითაც, რომ გახსნის საზეიმო ცერემონია სამ ქალაქში ერთდროულად ჩატარდება - მეხიკოში, ტორონტოსა და ლოს-ანჯელესში. ჩემპიონატის პირველი ასპარეზობისთვის მექსიკისა და სამხრეთ ამერიკის ეროვნული ნაკრებები ემზადებიან. შეხვდებიან მეხიკოში, ისტორიულ სტადიონზე - "ესტადიო ათსტეკაზე," ეს იქნება პირველი სტადიონი ისტორიაში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩს მესამედ უმასპინძლებს. დიდ საფეხბურთო ღონისძიებაზე იმღერებს შაკირა, სხვა ცნობილ არტისტებთან ერთად.

2026 წლის მუნდიალი განსაკუთრებულია იმითაც, რომ მასპინძლობს სამი ქვეყანა - მექსიკა, კანადა და შეერთებული შტატები.

პლანეტის ყველაზე დიდი სანახაობის მთავარი ატრიბუტი - ბურთი უკვე "რუსთავი 2-ის" მოედანზეა. ხვალიდან 32-წლიანი ისტორიის მქონე ტელევიზიის კედლებში ყველა და ყველაფერი საფეხბურთო ენაზე ალაპარაკდება და არხიც, ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი გახდება. "რუსთავი 2-ის" მაყურებელი, 4 წლის შემდეგ, საფეხბურთო ზღაპარში გაიღვიძებს.

მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლო მწვანე მოედნიდან სტუდიებს, პავილიონებს, ნიუსრუმსა და საეთეროს მოივლის. მსოფლიო ჩემპიონატის ტრიბუნებზე ადგილებს კი, მეთორმეტე მოთამაშე - "რუსთავი 2-ის" მაყურებლები დაიკავებს. დედამიწაზე ყველაზე დიდი საფეხბურთო სანახაობის გასაშუქებლად, "რუსთავი 2-ის" გუნდი განსაკუთრებულად ემზადება.

ახლა ყველა ზაფხულის ღამის სიზმრის მოლოდინშია, არხის საეთერო ბადეც მთლიანად ფეხბურთს მოერგება და სატელევიზიო საათიც საფეხბურთო მატჩებზე გასწორდება. თამაშების ტრანსლაციის გარდა, "რუსთავი 2" უწყვეტ რეჟიმში შემოგთავაზებთ საფეხბურთო მიმოხილვებსა და სიუჟეტებს, არხის მთავარ სპორტულ სახესთან ერთად.

განსაკუთრებულ სამზადისში არიან კომენტატორები, რომლებიც სამი ქვეყნიდან 104-ვე მატჩს წაიყვანენ. მაშინ, როცა თამაშები პარალელურად დაიწყება, ერთი მათგანი ჰოლდინგში შემავალ "მარაოზე" გავა. მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს ხვალ საღამოს 23:00 საათზე კომენტატორები დავით მინაშვილი და ამირან შაიშმელაშვილი წაიყვანენ.

მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ერთმანეთს 8 კომენტატორი შეცვლის, ისინი მხოლოდ საკომენტატორო ჯიხურებში არ ისხდებიან. მათ შორის ერთ-ერთი ნიკა გაბელიაა - "შუადღის" წამყვანი, რომელსაც აქამდე საკალათბურთო მატჩები მიჰყავდა, ახლა კი ბედს დიდ ფეხბურთში სცდის. იმუშავებს ღია ცის ქვეშაც, დედაენის ბაღში, სადაც ფანკლუბი გაიხსნება.

ღამით გამართული მატჩების მიმოხილვას დილის ეთერის გუნდი დაიწყებს და მაყურებელს მსოფლიო ჩემპიონატის თამაშების შესახებ მოუყვება.

"რუსთავი 2-ის" სტუდიებიც საფეხბურთო თემატიკით დაიტვირთება, თანამშრომლები კი ცდას და ღონეს არ დააკლებენ მაყურებელს ისეთი სანახაობა შესთავაზონ, რომელსაც ისინი წლობით ელოდნენ.

სანამ ფეხბურთი დაიწყება, საგოლე გადაცემებით თავს "რუსთავი2-ის" ტექნიკური ჯგუფის წევრები იწონებენ. თან ფავორიტი გუნდების შანსებს განიხილავენ.

მარადონას თამაშს ვეღარ, მაგრამ ფეხბურთის ლეგენდების 41 წლის კრიშტიანუ რონალდუსა და 37 წლის ლეო მესის თამაშს მსოფლიო ჩემპიონატზე ქომაგი ნამდვილად ადევნებს თვალს - თან ისევ "რუსთავი2-ზე". საფეხბურთო ისტორია "რუსთავი 2-მა" ჯერ კიდევ მაშინ დაწერა, როცა პირველმა დაიწყო ჩემპიონთა ლიგის თამაშების ტრანსლირება.

ფეხბურთი შევა ყველას ოჯახში, მათ შორის ჩვენი არხის მაყურებლისთვის კარგად ნაცნობ მიხო და მაროს ოჯახშიც და ამ არხზე იუმორიც ფეხბურთის ენაზე ალაპარაკდება.

მრგვალი ბურთი მისი და მისი ოჯახის ყოველდღიურობაა, თურმე ფეხბურთელობაც უნდოდა, მისმა ოჯახმა ერს დიდი ფეხბურთელი დავით ყიფიანი უკვე აჩუქა. კატო ყიფიანი ახლა "რუსთავი 2-ის" უცვლელ შემადგენლობაშია და მაყურებელს საფეხბურთო განწყობასაც ამ არხის რიგებიდან შეუქმნის.

ახალი თუ ძველი თაობის, ბურთის ირგვლივ გაერთიანებული გულშემატკივრების ზეიმი ხვალიდან დაიწყება. პლანეტის უდიდესი სპორტული ტურნირი, რომელიც სამყაროს აერთიანებს და რომელსაც მაყურებელი პირველად "რუსთავი 2-ის" ეთერში ნახავს, სტარტს ხვალ, საღამოს, 22:00 საათიდან აიღებს. ჯერ წინ გველის გახსნის საზეიმო სანახაობა, 22:00 საათზე კი უკვე პირველი მატჩი. საფეხბურთო დღესასწაულის ფინალური სასტვენი კი 19 ივლისს გაისმება.

დღის ამბები