ნარკოდანაშაულის ფაქტები სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინებით გადაიღეს და გაასაჯაროვეს. ფარული კადრებით ირკვევა, რომ ორგანიზებულ დანაშაულში აქტიურად იყვნენ ჩართულები ქალები, რომლებიც შედარებით ფრთხილად მოქმედებდნენ.
გავრცელებულ მასალაში ჩანს, რომ კლიენტთან კომუნიკაციაში არ შედიოდნენ, ნარკოტიკს ხელიდან ხელში აწვდიდნენ, რის შემდეგაც ტერიტორიას მალევე ტოვებდნენ.
ნარკოტიკის გამსაღებლები, მათ შორის ქალები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პოლიციამ უკვე დააკავა. ნარკოდამნაშავეების ასაყვანად სპეცრაზმი ასამდე მისამართზე შევიდა და 119 პირი აიყვანა, მათ შორის 49 რეალიზატორია.
პოლიციამ დაკავებულების სახლები და ავტომობილები გაჩხრიკა, ამოღებულია კოკაინი, ჰეროინი, "ალფაპვპ," "გაბაგამა", "მეთადონი", "მეფედრონი" , "ბუპრენორფინი" და მარიხუანა. პოლიცია იმ ნარკოტიკული საშუალებების კვალზეც გავიდა, რომლებიც დაფასოებული, გასაყიდად გამზადებული და კლიენტებისთვის სამალავებში დატოვებული იყო.
119-დან რამდენიმე პოლიციამ ნარკოტიკის გაყიდვის დროს დააკავა.
საპირისპირო არგუმენტები აქვს ბრალდებას. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, ფარული კადრები, თანხა და ჩხრეკისას ამოღებული ნივთტმტკიცებები - იმ მტკიცებულებებს წარმოადგენს, რომლებიც ნარკოდანაშაულს ადასტურებს. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში განცხადება გაკეთდა. დაკავებულებს ბრალი დღეს ოფიციალურად წარედგინათ.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები სახლში სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლ იარაღსაც ინახავდნენ. საბრძოლო მასალა და იარაღი პოლიციამ ჩხრეკისას ამოიღო.
დაკავებულ 119 პირს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. კანონით დადგენილ ვადებში მათ საქმეზე სასამართლო განხილვები დაიწყება.