რუსეთი აგრძელებს ადამიანების გატაცებას, რაც მიმართულია საერთაშორისო სამართლისა და ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
სესიაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე 17 წლის მოზარდის უკანონო დაკავებას გამოეხმაურა.
"რუსეთი აგრძელებს მავთულხლართების გაბმას. ადამიანის უფლებებს უხეშად ლახავს. აგრძელებს ადამიანების გატაცებას, რაც არის რუსეთის მხრიდან პროვოკაცია, მიმართული საერთაშორისო სამართლისა და ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. ჩვენ რა თქმა უნდა ყველა ასეთ მძიმე ფაქტზე ვმუშაობთ, როგორც ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე მაქსიმალურად ვრთავთ საერთაშორისო თანამეგობრობას," - განაცხადა სესიაშვილმა.
საოკუპაციო რეჟიმმა მოზარდი გაიტაცა. არასრულწლოვანი ცხინვალის მილიციაშია გადაყვანილი. 17 წლის ბიჭი გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში შეშის მოგროვებისას დააკავეს. არასრულწლოვანის უკანონო დაკავება საოკუპაციო ზოლთან ახლოს მოხდა, მასთან ერთად მყოფმა რამდენიმე პირმა გაქცევა მოასწრო, მოზარდი კი შეიარაღებულმა პირებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.