"ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, თუ შედეგი არ ექნება, შემდეგ სტრასბურგში წავიღებთ ამ საქმეს და სამართლიანობას აღვადგენთ," - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
როგორც ლუკა კალანდიამ აღნიშნა, მოსამართლემ პოლიტიკური დავალება შეასრულა. მისივე თქმით, მიხეილ კალანდიას ოჯახი არ აპირებს დანებებას.
"მკაფიოდ ჩანს ყველაფერი. დღეს მოხდა ის, რომ ხელისუფლებამ დროებით შეინარჩუნა ძალაუფლება, რადგან თავიდან აირიდა ზაზა სარალიძის განაწყენება და მოსალოდნელი აქციები მიხეილ კალანდიას გამართლების შემთხვევაში. მაგრამ ჩვენი ოჯახი არ აპირებს დანებებას. მიხეილ კალანდიას თავის სიტყვაში მკაფიოდ განაცხადა, რომ იგი იბრძოლებს ბოლომდე, მზად არის იმისთვის, რომ უსამართლოდ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში ციხეში წავიდეს, მაგრამ ეს ამით არ დამთავრდება. დრო მოვა, ის თავის სათქმელს ძალიან ხმამაღლა იტყვის და ჩვენ სამართლიანობას მივაღწევთ.
პროკურატურა მმართველი პარტიის მიერ იმართება. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, თუ შედეგი არ ექნება, შემდეგ სტრასბურგში წავიღებთ ამ საქმეს და სამართლიანობას აღვადგენთ," - განაცხადა ლუკა კალანდიამ.
სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.