18 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
"ნაცებმა" ქვეყანას ანახეს, რომ ეს ხელისუფლება არის უვარგისი - მიხეილ კალანდიას ბაბუა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის საქმეზე დაკავებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე განაჩენი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. გადაწყვეტილებას დარბაზში კალანდიას ოჯახის წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა, რამდენიმე პირს მოსამართლემ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

სასამართლო გადაწყვეტილების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს მსჯავრდებულის ბაბუა ბორის კაკუბავა.

"ეს ყველაფერი  იყო გაკეთებული, რომ როგორმე მიეღწიათ იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება უვარგისი, უპრინციპო  და მშიშარაა. ეს ანახეს ქვეყანას. "ნაცებმა" ქვეყანას ანახეს, რომ ეს ხელისუფლება ნამდვილად არ არის ღირსი, საქართველოს სათავეში იყოს. სულ მალე დადგება თავისუფლების დრო. ყველაფერი კარგად იქნება," - განაცხადა მიხეილ კალანდიას ბაბუამ, ბორის კაკუბავამ.

მიხეილ კალანდიას მამა თენგიზ კალანდია მისი შვილის მიმართ ცოტა ხნის წინ გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

"გამოძიება ისე ვერ წაიყვანეს, რომ ჭეშმარიტება დაედგინათ. ყველაზე დაბალი ღობე ჩვენ გვნახეს, 6-შვილიანი ოჯახი, არ ფული გვაქვს და არც ნაცნობობა. კალანდიების ოჯახს შეახოცეს ხელი და თვითონ ყველა კარგად არის," - აღნიშნა თენგიზ კალანდიამ.

მიხეილ კალანდიას ძმამ ლუკა კალანდიამ კი განაცხადა, რომ ოჯახი დანებებას არ აპირებს და ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებს.

სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

 

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები