18 ნოემბერი 2024,   12:55
ვრცლად
მსჯავრდებული დეკანოზისთვის სასჯელის გადავადება - სასამართლო სხდომა ხმაურისა და მწვავე განცხადებების ფონზე წარიმართა

ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირის, დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხმაურისა და მწვავე განცხადებების ფონზე წარიმართა. მსჯავრდებული პროცესს არ დაესწრო, მომდევნო სხდომა კი მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამკურნალო დაწესებულებაში გაიმართება.

გადაწყვეტილებას მამალაძის ოჯახის მხრიდან პროტესტი მოჰყვა, დეკანოზის ძმა, ირაკლი მამალაძე დარწმუნებულია, რომ სამკურნალო დაწესებულებაში სხდომის გამართვის მითითება მოსამართლემ ხელისუფლებისგან და საპატრიარქოდან მიიღო, რათა საზოგადოებამ დეკანოზის მდგომარეობა არ ნახოს. საპატრიარქო გააკრიტიკა ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამაც. მისი თქმით, მამალაძისთვის სასჯელის გადავადება საპატრიარქოს უნდა მოეთხოვა

"გულწრფელი პატრიარქისა და საპატრიარქოს შემთხვევაში, ასევე მათ უნდა მიემართათ იუსტიციის სამინისტროსა და სასამართლოსათვის, მამა გიორგის სამკურნალოდ საპყრობილიდან  გამოსაყვანად, რაც არ გვაქვს და რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, ცხადია, თუ რამდენად არასამართლიანი და ცრუ, არაგულწრფელი პატრიარქის და საპატრიარქოს ხელში არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია," - აცხადებს პეტრე ცაავა.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის შეფასებით დადასტურებულად არ ირკვევა, რომ დეკანოზ მამალაძეს გადაადგილება არ შეუძლია, თუმცა პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულის ღირსებისა და პრიორიტეტებიდან გამომდინარე შუამდგომლობას აყენებს, რომ სასამართლო პროცესი ჩატარდეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში:

"სამედიცინო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, დადასტურებულად არ ირკვევა, რომ მსჯავრდებულს დამოუკიდებლად არ შეუძლია  გადაადგილება, მაგრამ პირადი მოტივით მსჯავრდებული უარს აცხადებს გადაადგილებაზე, მუდმივად იმყოფება მწოლიარე მდგომარეობაში. მსჯავრდებულის ღირსებისა და პრიორიტეტებიდან გამომდინარე ჩვენი შუამდგომლობაა სასამართლო პროცესი ჩატარდეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში," - აცხადებს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი ნიკა აბრამიშვილი.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი არ ეთანხმება პენიტენციური სამსახურის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა სამედიცინო დოკუმენტაციიდან დადასტურებულად არ ირკვევა. ორგანიზაცია დეკანოზ მამალაძის მსჯავრის გადავადებას სწორედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ითხოვს.

"ბუნებრივია დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ თავად დეკანოზმა განაცხადა უარი ჩვენთვის არ წარმოუდგენიათ და მანამ სანამ არ შევალთ და არ გავესაუბრებით დეკანოზს მანამდე ვერ გვექნება რაიმე სახის დაზუსტებული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. საკუთარი სურვილით არ არის მწოლიარე მდგომარეობაში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის რამდენიმე დასკვნით არის დადასტურებული, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას, რამდენადაც პარალიზებული მარჯვენა ქვედა და ზედა კიდური," - განაცხადა  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სისხლის სამართლის ადვოკატმა ქეთი ჩუთლაშვილმა.

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები