25 აპრილი 2024,   05:19
ვრცლად
"კანონიერი ქურდების" მიერ "გადაჭრილი" ფინანსური დავა - რისთვის მოხვდა ციხეში 72 წლის მამაკაცი

პეტრე გადელიას ბრალად საქმის მოგვარების მიზნით, თურქეთში მყოფი ქართველი "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვა ედება, რაც საქართველოს კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია. საუბარია ქუთაისში მდებარე რესტორან "სამეფოზე," რომლის მფლობელობასთან დაკავშირებით, ერთმანეთს ედავებიან პეტრე გადელია და ვინმე კახა ბენიძე, რომელსაც ქუთაისში "კალბასიჩის" მეტსახელით იცნობენ.

ქურდული გარჩევის შედეგად, "კანონიერმა ქურდებმა" ფინანსური დავა პეტრე გადელიას სასარგებლოდ გადაწყვიტეს, მის ბიზნესპარტნიორს კი რესტორნის ვალის, დაახლოებით, 200 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრეს.

რესტორან "სამეფოს" მეწილეთა დავალიანების საქმე, რომელიც ქურდული სამყროს ე.წ. სასამართლომ განიხილა, უკვე სამართლებრივ გზას ოფიციალურად დაადგა. 72 წლის პეტრე გადელიას მცდელობა, რომ ბიზნესპარტნიორისგან კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირების დახმარებით, 200 000 ამერიკული დოლარი უკანონოდ მიეღო, მისივე დაკავებით დასრულდა.

ამბავი, რაზეც რესტორნის თანამშრომლებს საუბარი არ სურთ, ბიზნესპარტნიორებს პეტრე გადელიასა და კახა ბენიძეს შორის წარსულში დადებული შეთანხმებაა, რომლის მიხედვითაც, ბენიძემ გადელიას სოლიდური თანხა იმ ობიექტის წილების სანაცვლოდ მისცა, რომელსაც წლებია, ერთად ამუშავებდნენ. ასე გადაეცა რესტორნის მართვა ბიზნესმენ კახა ბენიძეს.

დაკავებულის ოჯახს ოფიციალური ვერსიის არ სჯერა. პეტრე გადელიას შვილი დარწმუნებულია, რომ 72 წლის მამაკაცს საკუთარი წილები ბიზნესპარტნიორმა კახა ბენიძემ წაართვა. ამის შემდეგ კი პოლიციაში იჩივლა, რომ ე.წ. კანონიერი ქურდები მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, რადგან ე.წ. ქურდულ სასამართლოზე ბენიძეს დაკავებული გადელიასთვის ასობით ათასი დოლარის გადახდა დააკისრეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მხარეებს შორის ფინანსური დავის გარკვევას თურქეთში მყოფი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები ცდილობდნენ. საქმეში მონაწილეობდნენ ბესიკ კუპრაშვილი, რომელიც "კანონიერ ქურდად" ზუსტად 20 წლის წინ "აკურთხეს." კრიმინალურ გარჩევაში ასევე ფიგურირებს რამაზ ძნელაძე. ის ტარიელ ონიანის ქუთაისური კლანის ერთ-ერთი ლიდერია. ორივეს იცნობენ მეტსახელით "ქუთაისკი." მათი ახლობლები კავშირს მძიმე დანაშაულთან არ ადასტურებენ.

კახა ბენიძე, რომელმაც ოფიციალური ინფორმაციით, დახმარებისთვის პოლიციას მიმართა, თავისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სატელევიზიო ინტერვიუზე უარს ამბობს და ე.წ. კანონიერ ქურდებთან გარჩევის დეტალებზე არ საუბრობს.

დაპირისპირებულ მხარეებს თურქეთში მყოფ კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირებთან კომუნიკაცია ტელეფონით და ინტერნეტის საშუალებით ჰქონდათ. პოლიციამ ბრალდებულის მობილური და კომპიუტერული ტექნიკა საუბრის შინაარსის გაშიფრისთვის ნივთმტკიცებად ამოიღო.

დღის ამბები