ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია, უკვე მეორედ მოწამლეს, რასაც სოხუმში არეულობა და საპროტესტო აქციები მოჰყვა.
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ამ მიმართულებით მომუშავე ექსპერტები 2 ვერსიაზე საუბრობენ. ერთი ვერსიით მოსკოვი თავიდან იცილებს არასასურველ კანდიდატს. ექსპერტების თქმით, ბჟანია კრემლისთვის მიუღებელია, თუნდაც იმ განცხადების გამო, რომელიც მან თბილისთან დიალოგის აუცილებლობაზე გააკეთა.
"აფხაზები უფრო და უფრო იქნებიან ანტირუსულად განწყობილი, იმიტომ რომ ბაღაფშის მერე ბჟანია, ეს ფაქტიურად, ერთი ფრთის ადამიანები არიან და მათი მოშორება პირდაპირი რუსული ჩარევით, იქნებოდა მათთვის ძალიან ცუდად აღსაქმელი ფაქტი," - აცხადებს ექსპერტი ირაკლი ცქიტიშვილი.
ექსპერტების მეორე ნაწილი, ბჟანიას მოწამვლის შემთხვევებს კრიმინალური კლანებს უკავშირებს. მათი თქმით, კლანებს არ აწყობთ ბჟანიას ე.წ ხელისუფლებაში მოსვლა, რადგან ის კრიმინალურ კლანებთან ბრძოლას აპირებს:
"ეს უფრო ადგილობრივი კრიმინალური კლანების ნამოქმედარს ჰგავს, მაგრამ რუსეთის ტერიტორიაზე მოხდა ორივე მოწამვლა და შეიძლება, დაბალი დონის ჩინოვნიკების ან, სპეცსამსახურების ხელი ურევია, მაგრამ ეს უფრო შეკვეთაა კრიმინალური კლანების, რომლებიც მართავენ აფხაზეთს," - აცხადებს syxymu.info ბლოგერი გიორგი ჯახაია.