თბილისის მერმა, კორონავირუსთან დაკავშირებით ქალაქში მიმდინარე სადეზინფექციო სამუშაოების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მერია ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ყველა შესაბამის ღონისძიებას ახორციელებს.
როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ვირუსის პრევენციისთვის, დედაქალაქში სადეზინფექციო სამუშაოები 50-ზე მეტ მიწისქვეშა გადასასვლელში ჩატარდა, იგეგმება სამუშაოების გაგრძელება და დეზინფექცია სხვა მიწისქვეშა გადასასვლელებშიც. ასევე, კახა კალაძის განცხადებით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი და დეზინფექცია უტარდება თბილისის საჯარო ბაგა ბაღებს.
"თქვენ იცით, რომ პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით, შეიქმნა უწყებათაშორისი საბჭო, სადაც შედის დედაქალაქის მერია სხვა უწყებებთან ერთად. ეს საბჭო შეიქმნა კორონავირუსის პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებებისთვის და მე მინდა მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერიის ყველა თანამშრომელს, ვინც ჩართულია უშუალოდ სამუშაოების განხორციელებაში.
თბილსერვის ჯგუფმა ჩაატარა პროფილაქტიკის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები 54 მიწისქვეშა გადასასვლელში, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ, არ ვჩერდებით და ყველა მიწისქვეშა გადასასვლელში ანალოგიური ხსნარებით იქნება დამუშავებული. ამასთანავე, პრევენციის მიზნით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი, დეზინფექცია უტარდება ასევე თბილისის საჯარო ბაგა ბაღებს, სადაც ათამდე დასახლების სადეზინფექციო საშუალება გამოიყენება, საპროფილაქტიკო ღონისძიებები ტარდება თბილისის მუნიციპალიტეტების სერვისცენტრებში. ყველა, როგორც დედაქალაქის მერიის მისაღებში, ასევე ათივე გამგეობის სერვისცენტრში ტარდება ანალოგიური ღონისძიებები, ასევე, სახელოვნებო სკოლები. აღსანიშნავია ისიც, რომ დედაქალაქის მერიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, საბავშვო ბაგა-ბაღებში არდადეგებია გამოცხადებული, რომ ყველანაირად თავი დავიზღვიოთ," - განაცხადა კახა კალაძემ.
მერის თქმით, თბილისის მერიას მჭიდრო კომუნიკაცია აქვს როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ისე ყველა იმ უწყებასთან, რომელიც უწყებათაშორისი საბჭო შედის.
"მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ კორონავირუსის საპროფილაქტიკოდ დედაქალაქის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს," - განაცხადა კახა კალაძემ.