18 აპრილი 2024,   23:25
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება - პირველი შემთხვევა დაფიქსირდა პოლონეთში

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა პოლონეთში. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ინფიცირებული კაცია, რომელიც პოლონეთშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია. იზოლაციაშია ბრიუსელში ევროკავშირის სააგენტოს თანამშრომელი, რომელსაც "კოვიდ 19" დაუდგინდა. თვითიზოლაციაში ყოფნა ურჩიეს ყველა იმ ადამიანს, რომლებიც დაავადებულთან სიმპტომების გამოვლენამდე ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ.

ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 23 შემთხვევაა დადასტურებული. იზრდება ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. 9-ვე გარდაცვალების შემთხვევა, ჯერჯერობით, მხოლოდ ვაშინგტონის შტატშია დაფიქსირებული, თუმცა, კორონავირუსის 100-ზე მეტი შემთხვევა ოფიციალურად 15 შტატში დადასტურდა.

ამ ფონზე დონალდ ტრამპმა ხელფასის ნაწილი - 100 000 დოლარი კორონავირუსთან ბრძოლისთვის გადარიცხა. "ტვიტერში" აშშ-ის ჯანდაცვის მდივნის სახელზე გამოწერილი ჩეკიც გავრცელდა. ტრამპი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გამო, საგანგებო ვითარების გამოცხადება ჯერ ნაადრევია.

განსხვავებული პოზიცია აქვთ იტალიაში, სადაც "კოვიდ 19-ის" გამო სკოლები და უნივერსიტეტები ორი კვირით დაიხურება. ასევე, იზრდება კარანტინში მყოფი ქალაქების რაოდენობაც. ქვეყანაში, რომელიც ევროპაში ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია, კორონავირუსით 2502 ადამიანია დაინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 79-მდე გაიზარდა.

დამატებითი სამედიცინო აღჭურვილობა ესაჭიროებათ ირანში - ქვეყანაში, სადაც ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა. ირანის პრეზიდენტის თქმით, ვირუსმა ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში შეაღწია. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ირანში 54 ათასი პატიმარი ციხიდან დროებით გაათავისუფლეს. საპატიმროს დატოვებამდე მსჯავრდებულებმა კორონავირუსის ტესტი გაიარეს და გირაო გადაიხადეს. ეპიდაფეთქების გამო ირანის ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეთა სკრინინგის პროგრამას იწყებს.

დაინფიცირების დინამიკა შემცირდა ჩინეთში, სადაც ბოლო დღე-ღამის განმავლობაში "კოვიდ 19-ის" მხოლოდ 119 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ჩინეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 80 ათასზე მეტია. ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 50 ათასი ადამიანი. ამ ფონზე ჩინეთის სამედიცინო ასოციაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის მაქსიმალური საინკუბაციო პერიოდი მხოლოდ 14 დღეა.

95 ათასი ინფიცირებული და 3 222 დაღუპული - ასეთია კორონავირუსის ბოლო სტატისტიკა, რომელსაც უკვე მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში ებრძვიან. სწორედ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფს მსოფლიო ბანკი 12 მილიარდ დოლარს. საუბარია ფინანსურ პაკეტზე, რომელიც საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის გრანტებისა და დაბალპროცენტიანი სესხების სახით გამოიყოფა.

დღის ამბები