18 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
განადგურებული აჟარა და ათეულობით სოფელი - როგორ გამოიყურება კოდორის ხეობა 2008 წლის ომის შემდეგ

2008 წლის შემდეგ პირველად მედიაში კოდორის ხეობის მდგომარეობის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეომასალა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. 

68 წლის ჯემალ სამსიანმა ომის შედეგად დაცარიელებული, დანგრეული კოდორი და საკუთარი სოფელი პირველად სწორედ ამ კადრებში ნახა. ჯემალ სამსიანი ომმა დევნილად რამდენჯერმე აქცია, ხეობის დატოვება კი ბოლოს 2008 წელს მოუწია, მაშინ, როცა რუსული ტყვიები ქართულ სოფლებს ბომბავდა.

ადგილობრივი მედიის კადრებში დაბაში არსებული სოფლების მდგომარეობა კარგად ჩანს. ხეობას კარგად ეტყობა რუსული ოკუპაციის კვალი და ჩანს ისიც, რომ ომის შემდეგ იქ არაფერი შეცვლილა. დანგრეულია ინფრასტრუქტურა და ჩამოშლის პირას არის მისული გვირაბები. აღარ არსებობს ბანკი და საავადმყოფოები. დაცარიელებულია სოფლები. იქ, სადაც ჯერ კიდევ ცხოვრობენ, ელემენტარული პირობების გარეშე არიან დარჩენილნი.

ლაშა მარგიანისთვის ხეობაში დღეს არსებული სიტუაციის ნახვა მძიმე იყო. იგი გამგებლად მუშაობდა სოფელ აჟარაში, რომელიც მაშინდელ კოდორში ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ხეობაში ჩატარებულ იმ სამუშაოებს იხსენებს, რომლებიც დაბის იძულებით დატოვებამდე ხეობის განვითარებისას განხორციელდა.

კოდორში 2008 წლამდე, იქამდე, სანამ რუსეთი ტერიტორიას შეიარაღებული ძალის გამოყენებით მიისაკუთრებდა, 5000 ადამიანზე მეტი ცხოვრობდა. ახლა კი, ოკუპირებულ ხეობაში მხოლოდ 100-მდე ადამიანია დარჩენილი. ისინი ყოველგვარი დახმარების გარეშე, საკუთარი მეურნეობით, განაგრძობენ ცხოვრებას.

დღის ამბები