5 ადამიანი, რომელთაც გუშინ საღამოს კორონავირუსი დაუდასტურდათ, სხვა პირებთან ერთად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. თენგიზ ცერცვაძის თქმით, მათ შორის სამი ახალგაზრდა, ორი კი საშუალო ასაკის მოქალაქეა. ყველა მათგანი იტალიაში იმყოფებოდა იმ პირთან ერთად, რომელსაც ინფექცია გუშინ, რამდენიმე საათით ადრე დაუდასტურდა. ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს. მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად სულ 24 ადამიანი იმყოფება. იტალიიდან ჩამოსულმა ორმა პირმა კლინიკას გვიან ღამით მიმართა. ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს სულ 4 პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან.
"5 ადამიანი, როგორც კონტაქტურები გამოიკვლიეს და მათაც დაუდასტურდათ ახალი კორონავირუსით ინფექცია. ერთს აღენიშნება ტემპერატურა 37.3 და მსუბუქი ყელის ტკივილი. ხოლო დანარჩენებს ჩივილი არ აქვთ. ხუთივე იმყოფებოდა კონტაქტში რიგით მეოთხე ინფიცირებულთან, რომელიც მოვიდა თვითდინებით. მას შემდეგ დაიწყეს ამ პირთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის კვლევა, ასეთი აღმოჩნდა 20-ზე მეტი და ამ კვლევის შედეგად გამოვლინდა ეს ხუთი," - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
კორონავირუსი ამ დროისთვის 9 ადამიანს აქვს ლაბორატორიულად დადასტურებული.