18 ნოემბერი 2024,   16:01
ვრცლად
გვექნება შემთხვევების მატება, თავი ავარიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს - გამყრელიძის რეკომენდაციები კორონავირუსთან დაკავშირებით

დღეს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არაა თავი შეიკავონ საერთაშორისო მოგზაურობებისაგან. გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მატება მოსალოდნელია:

"საქართველო ნაწილი ვართ სამყაროსი და ეს არ უნდა იყოს მოულოდნელი. ყველა ჩვენს ბრიფინგზე ვამბობთ, რომ გვექნება შემთხვევების მატება, მთავარია, მინიმუმადე დავიყვანოთ შემთხვევების მატების რიცხვი, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. რაც შეიძლება მალე დავსვათ დიაგნოზი გამოვიკვლიოთ თავად ინფიცირებული, დავეხმაროთ მას კლინიკურად, ვეძიოთ კონტაქტები, მოვახდინოთ ამ კონტაქტების იზოლირება, ან თუ საჭიროა მათი შემდგომი სწრაფი კვლევის ჩატარება. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა.

თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არაა, ყველამ თავი შევიკავოთ საერთაშორისო მგზავრობებისგან. თუ ვიყავით ამ ქვეყნებში და ვბრუნდებით უკან, ამ 4 ყველაზე მაღალდასენიანებული ქვეყნიდან (ჩინეთი, ირანი,იტალია, სამხრეთ კორეა) აუცილებელია, რომ ორი კვირის განმავლობაში, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თუ არავითარი სიმპტომი არ გვაქვს, ვიყოთ თვითიზოლაციაში და თუ ერთი სიმპტომი მაინც არის მივმართოთ ექიმს,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ,

გამყრელიძემ ასევე მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შეძლებისდაგვარად თავი აარიდონ დიდი თავშეყრის ადგილებს ან დაიცვან შესაბამისი წესები:

"თავი ავარიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს, თუ მივდივართ ასეთ ადგილებში ვიხმაროთ პირბადე, ხშირად დავიმუშაოთ ხელები, ნუ მივესალმებით და დავკოცნით ერთმანეთს გადახვევით და ა.შ.  დაწესებულებებს მივმართე რომ ყველგან იყოს დისპენსერები ხელის დასამუშავებლად,"- აღნიშნა გამყრელიძემ

NCDC-ის ხელმძღვანელმა სასწავლო პროცესთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელიც ამ დროისთვის, საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში შეწყვეტილია და განაცხადა, რომ სასწავლო პროცესის შეწყვეტის გახანგრძლივება დამოკიდებული იქნება ქვეყანაში ეპიდსიტუაციის განვითარებაზე.

დღის ამბები