18 ნოემბერი 2024,   09:59
ვრცლად
მიხეილ ჩხენკელმა აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ახლადდანიშნულ ელჩს საქართველოში კელი დეგნანს უმასპინძლა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში არსებული ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავებისა და გაფართოების შესაძლებლობებს.

მიხეილ ჩხენკელმა კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად ამერიკული მხარის მიერ მრავალწლიანი თანამშრომლობისა და გაწეული დახმარებისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა USAID-ის მიერ 7 მილიონი დოლარის ღირებულების მასშტაბური პროექტის განხორციელების მნიშვნელობას  და ელჩს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონცეფცია გააცნო.

"არაჩვეულებრივი შეხვედრა მქონდა მინისტრთან. ჩვენ გვაქვს ძალიან ფართო და ნაყოფიერი თანამშრომლობა სამინისტროსთან სხვადასხვა მიმართულებით: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში. მინისტრთან განვიხილეთ გზები, თუ როგორ გავაფართოვოთ თანამშრომლობა. ვფიქრობ, რომ USAID-ის ახალი ინიციატივა განათლების მიმართულებით, რომლის ბიუჯეტი 7 მილიონი დოლარია, ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ზოგადი განათლების გაუმჯობესების კუთხით. ეს პროექტი ასევე კარგად მიესადაგება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურისა და სკოლების რეაბილიტაციის პროექტებს. ასე რომ, ეს არის ძალიან კარგი მოდელია განათლების სისტემის გასაძლიერებლად საქართველოში,"-განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები