18 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
ნინო ქადაგიძეს ყველა თვისება აქვს, რათა ღირსეულად უხელმძღვანელოს უზენაეს სასამართლოს - გიორგი მიქაუტაძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის და უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის გიორგი მიქაუტაძის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა ორი ძირითადი კრიტერიუმიდან გამომდინარე - კანდიდატის მაღალი პროფესიონალიზმითა და გამოცდილებით შეირჩა.

"გიდასტურებთ, რომ კონსულტაციების დროს ბატონი შალვას კანდიდატურა იყო დასახელებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთაგან, თუმცა საბჭოს სხდომაზე წარდგენილი იყო მხოლოდ ქალბატონი ნინო ქადაგიძის კანდიდატურა.

პირადად ჩემი გადაწყვეტილება და არგუმენტები, რომელიც იყო ჩემი გადაწყვეტილების სასარგებლოდ, გახლავთ ქალბატონი ნინოს უდიდესი გამოცდილება. უზენაეს სასამართლოში ორჯერ არჩეული იყო და ასევე, სააპელაციო სასამართლოში ორჯერ იყო არჩეული. არის უმაღლესი დონის პროფესიონალი. მე ვფიქრობ, რომ აქვს ყველა თვისება იმისთვის, რათა ღირსეულად უხელმძღვანელოს უზენაეს სასამართლოს," - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ქადაგიძეს პროფესიონალად და ღირსეულ კანდიდატად მიიჩნევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი.

"ის არის თავისი კარიერული წარმატებებით ღირსი ამ თანამდებობისთვის. არა პოლიტიკური ნიშნით, არა იმით, რომ რომელიმე პარტიასთან ახლოს არის, არა იმით, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, არამედ იმიტომ, რომ ღირსია პროფესიული წარმატებების გათვალისწინებით," - აღნიშნა სერგო მეთოფიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეირჩა. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ქადაგიძეს ნდომა საბჭოს 12-მა წევრმა გამოუცხადა. კანდიდატურა განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება. დეპუტატთა სრული მხარდაჭერის შემთხვევაში, ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს 10 წლის ვადით დაიკავებს. გადაწყვეტილების მიღებამდე იყო მოლოდინი, რომ პოსტზე შალვა თადუმაძეს აირჩევდნენ.

დღის ამბები