დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 5 არის ერთი და იმავე კლასტერიდან, რომელიც #2 პაციენტთან არიან კავშირში. #2 პაციენტს კორონავირუსი თებერვალში დაუდასტურდა, ის საქართველოში იტალიიდან ჩამოვიდა.
"პირველი პაციენტი გახლდათ ირანის სიტორიით, მეორე - იტალიაში მოგზაურობის ისტორიით და ეს 5 [ახალი] შემთხვევა დაკავშირებულია ამ მეორე პაციენტთან. ამ ადამიანების თვითშეგნება აღმოჩნდა ძალიან მაღალი. თითქმის 14 დღე სრულდება, იყვნენ კარანტინში. გაკეთდა სინჯები და აღმოჩნდა, რომ დადებითები არიან. კლინიკურად მათი მდგომარეობა ნორმალურია, ისინი უკვე გადაყვანილები არიან ინფექციურში და დარმწუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება," - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი ინფორმაციით, დანარჩენი პაციენტებიც იტალიიდან დაბრუნებულ ჯგუფთან არიან კავშირში, ისინი დასავლეთ საქართველოში მდებარე ერთ-ერთ ინფექციურ საავადმყოფოში გადიან მკურნალობას.
"არცერთი შიდა გავრცელება არ გვაქვს, ყველა არის იმპორტირებული - ორი ირანიდან დანარჩენი იტალიიდან, ან იტალიასთან ასოცირებული გადაცემაა. ჯერ არ გვაქვს მესამეული და მეოთხეული გავრცელება," - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.