ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განათლებისა და უნარების მიმართულების დირექტორი ანდრეას შლაიხერი PISA-ს კვლევის შედეგებს ეხმიანება და საქართველოს მიღწევებს სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითოს უწოდებს.
"ჩემი ყველაზე გულწრფელი მილოცვა საქართველოს მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორებს - შედეგები, რომლებსაც თქვენ OECD-ის PISA-ს შეფასების უახლეს ციკლში მიაღწიეთ, მხოლოდ საქართველოსთვის არ არის კარგი ამბავი. ეს არის ისტორია, რომელზეც სხვა ქვეყნებმაც უნდა გაამახვილონ ყურადღება.
იმ დროს, როდესაც ბევრი განათლების სისტემა სირთულეებს ებრძვის, საქართველო წინ მიიწევს. საქართველო იმ ძალიან ცოტა ქვეყანას შორისაა, რომლებმაც 2022 წლის შემდეგ მოსწავლეთა შედეგები გააუმჯობესეს PISA-ს მიერ შეფასებულ სამივე მიმართულებაში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კითხვასა და მათემატიკაში.
განსაკუთრებული მიღწევაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკაში - ეს საქართველოსთვის ყველაზე მაღალი შედეგია 2010 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ქვეყანა პირველად შეუერთდა PISA-ს.
ეს რაღაც მნიშვნელოვანს გვეუბნება და უბრალოდ კარგი სიახლე არ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს სასკოლო სისტემა წინ მიიწევს და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს - ის საკლასო ოთახები, რომლებსაც დღეს ქმნით, ხვალ იქცევა საზოგადოებად, ეკონომიკად და დემოკრატიად. განათლება ყოველთვის არის ის, რაც ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს.
დღეს საქართველოს საკლასო ოთახებში მსხდომი მოსწავლეები ხვალინდელი ინჟინრები, მეწარმეები, ექიმები, მკვლევრები, მასწავლებლები და საჯარო მოხელეები გახდებიან. ისინი შექმნიან ბიზნესებს, გადაჭრიან პრობლემებს, გააძლიერებენ თემებს და ჩამოაყალიბებენ იმ ინსტიტუტებს, რომლებზეც საქართველოს მომავალი იქნება დამოკიდებული.
ქართველმა მასწავლებლებმა უნდა იამაყონ, რადგან 10-დან 8 მოსწავლემ განაცხადა, რომ მათი მასწავლებლები თითოეული მოსწავლის მიღწევებით ინტერესდებიან. ეს მნიშვნელოვანია, რადგან PISA-ს კვლევების თანახმად, მოსწავლეები უკეთ სწავლობენ მაშინ, როდესაც მასწავლებლებმა მათ შესახებ ბევრი რამ იციან, ინტერესდებიან მოზარდების პროფესიული არჩევანით და ამ გზაზე მათ გვერდით დგანან.
PISA-ს მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ ბევრ ქართველ მოსწავლეს სჯერა საკუთარი შესაძლებლობის. ისინი საკუთარ სწავლაზე პასუხისმგებლობას იღებენ, მიზნებს ისახავენ და აქტიურად ქმნიან საკუთარ გზას. ეს ყველაფერი თანამედროვე ცხოვრებაში წარმატების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.
საქართველოს პროგრესში კიდევ ერთი რამაა საყურადღებო - საქართველო აჩვენებს, რომ ხარისხი და თანასწორობა ერთმანეთის კონკურენტი მიზნები სულაც არ უნდა იყოს. ბევრ ქვეყანაში ის სკოლა, რომელშიც ბავშვი სწავლობს, ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ ოჯახზე, რომელშიც ის დაიბადა. საქართველო განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს - 2015-დან 2022 წლამდე, საქართველოს მიერ მიღწეული გაუმჯობესების მნიშვნელოვანი ნაწილი, ფაქტობრივად, სოციალურად დაუცველი მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესებით იყო განპირობებული. საგანმანათლებლო უთანასწორობის შემცირება საქართველოში იყო და კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად და შედეგებიც ნათელია.
PISA აჩვენებს, რომ ქართველი მოსწავლეები ციფრული ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, საკმაოდ აქტიური მომხმარებლები არიან. ეს ქართველი მასწავლებლების დამსახურებაც არის, რომლებიც უკვე ეხმარებიან ახალგაზრდებს ამ ახალი სამყაროს ათვისებაში. მისასალმებელია, რომ მთავრობამ სკოლების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა პრიორიტეტად აქცია, რაც მნიშვნელოვანი ინვესტიციაა მომავალში.
არის ერთი გამოწვევა, რომლის ხაზგასმაც მინდა. სკოლებს ყველაფრის გაკეთება მარტო არ შეუძლიათ. გულუბრყვილო იქნებოდა იმის მოლოდინი, რომ სკოლები უბრალოდ შეძლებენ აანაზღაურონ ყველაფერი, რასაც მოსწავლის ოჯახი არ უზრუნველყოფს. უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ ჩავრთოთ მშობლები მეტად სასწავლო პროცესში და როგორ გავხადოთ ისინი პარტნიორები.
PISA აჩვენებს, რომ ოჯახური მხარდაჭერა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული სწავლის უკეთეს შედეგებთან. მხარდაჭერა არ ნიშნავს იმას, რომ მშობლებმა ყოველ საღამოს ბავშვებს მათემატიკა ამეცადინონ. სინამდვილეში, მხარდაჭერის ყველაზე ძლიერი ფორმა გაცილებით მარტივია - ბავშვებმა უნდა იგრძნონ, რომ რასაც ისინი სკოლაში აკეთებენ, მათი მშობლებისთვის მნიშვნელოვანია. მშობლები უნდა დაინტერესდნენ, რას სწავლობენ მათი შვილები, მოუსმინონ მათ. ამ მიმართულებით საქართველოს სჭირდება მუშაობა.
საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სვლა - უფრო სწრაფად, უფრო შორს და ისე, რომ ამ გზაზე ყველა ბავშვი ჩვენთან ერთად მოდიოდეს. საქართველოს ყველაზე ღირებული ბუნებრივი რესურსი არ არის ნიჭი, შემოქმედებითობა და პოტენციალი, რომელიც დღეს საკლასო ოთახებშია.
საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ რესურსის განვითარებისთვის, რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს", - აცხადებს ანდრეას შლაიხერი.