18 სექტემბერი 2026,   20:13
ვრცლად
ზონალურ საათობრივი პარკირება არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა - კახა კალაძე

თბილისის მერმა ზონალურ-საათობრივი პარკირების შესახებ ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდა და საპილოტე პროექტები განხორციელდა. 

"ზონალურ საათობრივი პარკირება არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ. გვაქვს რამდენიმე კონკრეტული ქუჩა, სადაც დავიწყეთ საპილოტე პროექტების განხორციელება. ეს არის კოტე აფხაზის ქუჩა (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) და საკმაოდ წარმატებით წარიმართა ეს პროცესი, ასევე ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები, სადაც განხორციელდა ანალოგიური მიდგომა ჩვენი მხრიდან. დაინერგა ზონალურ საათობრივი პარკირების სისტემა და ძალიან კარგად მუშაობს. ანალოგიური მიდგომა გვექნება ბარათაშვილის ქუჩაზე, სადაც დაინერგება ზონალურ-საათობრივი პარკირება. პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება იქნება უფასო, ასევე უფასო იქნება შშმ პირთათვის და მათთვის, ვისაც ჰყავს ელექტრომობილები. იქნება სპეციალური ადგილები “ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის, ვისაც თეთრი ფერის ტაქსები ჰყავს და აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც რეგულაციით იყო მოთხოვნილი, მათთვისაც იქნება უფასო“ - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის თქმით, ანალოგიურად, პარკირების წესების დანერგვა იგეგმება თბილისის სხვადასხვა ქუჩასა და რაიონში.

დღის ამბები