16 მარტს სკოლებში სწავლა არ განახლდება, არდადეგები 1 აპრილამდე გახანგრძლივდა. განათლების სამინისტრო სკოლებისთვის რეკომენდაციებს ამზადებს, თუ როგორ იმუშაონ მასწავლებლებმა მოსწავლეებთან არდადეგების პერიოდში.
სასწავლო დაწესებულებები ორი კვირის განმავლობაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა რესურსისა და კლასგარეშე დავალებების მიწოდებას ინდივიდუალურად უზრუნველყოფენ.
არდადეგების პერიოდში სასწავლო დაწესებულებებში დასაქმებულები ანაზღაურებას შეუფერხებლად მიიღებენ.
"განათლების სამინისტრო ორი მიმართულებით მუშაობს. ერთი გახლავთ თუ როგორ იმუშაონ მასწავლებლებმა მოსწავლეებთან არდადეგების პერიოდში. მეორე მიმართულება კი ინსტრუქციები, რომელსაც სამინისტრო ამზადებს სკოლებისთვის," - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ.