შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტზე სამი პირი გამოავლინეს.
მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.
თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქის მიერ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის (NCDC) გადაწყვეტილების შესაბამისად, პოლიცია უზრუნველყოფს პირის იძულებით კარანტინში მოთავსებას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.