თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 42 პაციენტი იმყოფება. კორონავირუსის დადასტურებული 25 შემთხვევიდან ინფექციურში ამ დროისთვის 22 პაციენტია. აქ გადის მკურნალობას 25-ე პირიც, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდგინეს. ეზუგბაიას თქმით, პაციენტი კონტაქტში იყო იტალიიდან დაბრუნებულ ერთ-ერთ ჯგუფთან და ის ითვლება პირველი გენერაციის დაინფიცირებად:
"ჩვენთან წევს 42 პაციენტი. დადასტურებული შემთხვევა ჩვენთან 22-ია, ქვეყანაში 25. ეს პაციენტი არის არსებული წყაროებიდან, ერთ-ერთი იტალიის წყაროსთან კონტაქტში მყოფი პირი. ჯანდაცვის ჯგუფი რომელიცაა, იქ არსებული კონტაქტი. შემოტანილ შემთხვევების კონტაქტში მყოფი პირების დაინფიცირებას ჰქვია პირველი გენერაცია. ჩვენ ჯერ არ გავცილებულვართ ამ პირველ გენერაციას და ეს არის კარგი," - განაცხადა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას თქმით, გუშინ 21 ადამიანის ტესტირება 3 ეტაპად ჩატარდა. პირველი ორი ეტაპის ტესტირებაში გამოვლინდა 1 დადებითი და 13 უარყოფითი პასუხი, დღეს კი კიდევ 7 ადამიანის ტესტირების პასუხს ელოდებიან.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით 22 პაციენტიდან 7-ს აღენიშნება პნევმონია. მათგან ერთის მდგომარეობა არის მძიმე, თუმცა დაავადება არ პროგრესირებს. სტაბილურად დამაკმაყოფილებელია სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.