წყალტუბოში საკარანტინო ზონაში იტალიიდან დაბრუნებული 87 ადამიანი რჩება. 5 ადამიანი კარანტინის ზონიდან გვიან ღამით გაიყვანეს. აქედან 2 პირი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემით სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, კიდევ 2 მოქალაქე დედა-შვილი თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მე-5 პირი ტემპერატურით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, კარანტინის ზონაში გუშინ, იძულების წესით მოათავსეს მოქალაქე, რომელიც თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო, თუმცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომ ის თვითიზოლაციის წესებს არღვევდა და საქმეში პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო.
ამ დროისათვის კარანტინის ზონაში დარჩენილი 87 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.