18 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
ჩვენ გარკვეულ ჰიგიენას დავიცავთ. საუბარია ზიარების შემდგომ ერთჯერადი ჭიქების გამოყენებაზე - ალავერდის ეპარქიის მღვდელმსახური

ალავერდის მამათა მონასტრის სასულიერო პირებმა წირვის დასრულების შემდეგ კორონავირუსის საფრთხის გამო, ეკლესიის მიერ ზიარების წესისა და ჰიგიენის დაცვის შესახებ ისაუბრეს.

ეპარქიის მღვდელმსახური მამა მიქაელ ჭაბაშვილი ამბობს, რომ პრევენციის მიზნით ისინი ზიარების დროს ერთჯერად ჭიქებს გამოიყენებენ, თუმცა მაგიდაზე იქნება საეკლესიო ჭურჭელიც. მისი თქმით, ვინაიდან ადამიანი არჩევანში თავისუფალია, სასულიერო პირები მრევლს შესაძლებლობას აძლევენ შინაგანი სინდისით იმოქმედონ.

"მე ვიცი, რომ აქ გარკვეული ძალები სპეციალურად აგორებენ, უნდათ მაინდამაინც მივიდნენ საიდუმლოების იმ ნაწილთან, რომ საიდუმლოება ეკლესიაში ფორმალურად ახსოვდეთ და არა რწმენასთან ერთად. ეს არის ეკლესიის მტრების სურვილი. ჩვენ არ შეიძლება ყველაფერ იმასთან, რაც ეკლესიაში ხდება, ფორმალურად მივიდეთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მართლმადიდებლობა ეს ჭეშმარიტებაა.

ჩვენ გარკვეულ ჰიგიენას დავიცავთ. საუბარია ზიარების შემდგომ ერთჯერადი ჭიქების გამოყენებაზე. ზიარების შემდეგ იდება მაგიდაზე საეკლესიო ჭურჭელიც და იქნება ერთჯერადი ჭიქაც, ადამიანი თავისუფალია და მისი არჩევანიც თავისუფალია. ჩვენ შესაძლებლობას მივცემთ ყველას, მოიქცეს თავისი შინაგანი სინდისის მიხედვით. უფალი ამ სინდისის ხმას უყურებს და ისმენს," - თქვა ქადაგების დროს მამა მიქაელ ჭაბაშვილმა

ჰიგიენის დაცვის აუცილებლობასა და ქართველი ხალხის ერთობაზე ქადაგების დროს ალავერდის მიტროპოლიტმა ვრცლად ისაუბრა. მეუფე დავითმა ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მთავრობა ორგანიზებულად მოქმედებს.

"დღეს დიდი მითქმა-მოთქმაა, რომ ქვეყნები იკეტება და კარანტინშია ხალხი, მაგრამ საოცარი რამ მოხდა, მადლობა ღმერთს ჩვენს ხალხს, ხელისუფალს, საოცარი ერთიანობა გამოაჩინეს. 

საფრთხისაგან თავის არიდება არ არის სირცხვილი, სიფრთხილის დაცვა ღვთისთვის მოსაწონია, უგუნური თავმოწონებით უარის თქმა ამ სიფრთხილეზე კიდევ უფრო დამაძიმებელია იმიტომ, რომ მას საფუძვლად ამპარტავნება უდევს. ზიარება ეს ის საიდუმლოა, რომელსაც ადამიანის გონება ვერ მიწვდება და რომელსაც ადამიანის ენა ვერ გამოსთქვამს,"- აღნიშნა ქადაგებისას ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.

დღის ამბები