198 741 ინფიცირებული და 7989 დაღუპული - ასეთია მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების ბოლო სტატისტიკა.
პოზიტიურია გამოჯანმრთელებულთა საერთო სურათი. კორონავირუსისგან უკვე თითქმის 83 ათასი პაციენტი განიკურნა.
რეკორდულად იკლებს ინფიცირების შემთხვევები ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში, ეს ქვეყნები უკვე იქცა მთელი მსოფლიოსთვის ვირუსთან ბრძოლის მაგალითად. პანდემიის პირველწყარო ჰუბეის პროვინციიდან ჩინეთის მთვარობამ სამედიცინო პერსონალის რაოდენობა შეამცირა.
განსხვავებულია მდგომარეობა დანარჩენ მსოფლიოში საგანგებო რეჟიმზე გადავიდა კოლუმბია, ბოლივია, ბოსნია ჰერცოგოვინა და მოლდოვა. კვლავ მძიმე ვითარებაა იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში.
კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი დადასტურდა თურქეთში. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გარდაცვლილი 89 წლის პაციენტი იყო. მას კონტაქტი ჰქონდა ჩინეთთან დაკავშირებულ ინფიცირებულთან. ვირუსის გავრცელების გამო, თურქეთმა საგანგებო ზომებს მიმართა. შეწყდა სასწავლო პროცესი. მთავრობის განკარგულებით, დაიხურა თურქული აბანოები.
"კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში სამწუხაროდ 1 პაციენტი დავკარგეთ. მე ერთ-ერთი ვიყავი ჩვენს მედიკოსებთან ერთად რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად ვაკვირდებოდი. პაციენტი 89 წლის იყო. ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 51-ით გაიზარდა," - განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტინ ქოჯამ.
იტალიაში კვლავ ურთულესი ვითარებაა. ქვეყანაში ბოლო ერთ დღეში გარდაცვალების 345 და ინფიცირების 3500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, იტალიაში კორონავირუსმა 2500-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს განცხადებით, იტალია პირველი ქვეყანაა, რომელმაც ოჯახების დასახმარებლად და ეკონომიკის სტიმულირებისთვის 25 მილიარდი ევრო გამოყო:
"ვერასდროს წარმოვიდგენდით რომ ასეთი ვითარების წინაშე აღმოვჩნდებოდით. ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად. ბევრი იტალიელი ამ ომის წინა ხაზზეა, საავადმყოფოებში, მარკეტებში, ზოგიც სხვა უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფთ აივნიდან ამხნევებს. უნდა ვიამაყოთ რომ იტალიელები ვართ," - განაცხადა ჯუზეპე კონტემ.
კორონავირუსი გავრცელდა ამერიკის 50-ივე შტატში. ვირუსისგან დაზარალებული ამერიკელების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დონალდ ტრამპი 1 ტრილიონიანი პაკეტის დამტკიცების ინიციატივით გამოდის. აშშ-ში ინფიცირებულია 7 ათასამდე და დაღუპულია 116 ადამიანი.
"პანდემიის შედეგად შტატებში უმუშევრობის დონე შესაძლოა, 20%-მდე გაიზარდოს.ვშიშობ რომ პანდემიის ეკონომიკური შედეგები შესაძლოა, 2008 წლის ფინანსურ კრიზისზე უარესი იყოს. კონგრესი შეშფოთებული უნდა იყოს ამერიკელთა მომავლით , მათ უნდა დაუჭირონ მხარი ეკონომიკის სტიმულირებისთვის ერთი ტრილიონი დოლარის ოდენობის პაკეტის დამტკიცებას, რათა თავიდან იქნას აცილებული მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი,"- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მდივანმა სტივენ მნუჩინმა.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, მათ მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად 78 ადამიანია ინფიცირებული სომხეთში, 34 აზერბაიჯანში, რუსეთში კი 114 ფაქტი დასტურდება. COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება ირანში, ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაცვალების 135 ფაქტი დაფიქსირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში 17 ათასამდე ინფიცირებულია და 988 დაღუპული.