აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველ 6000-ზე მეტ პირს აჭარაში სურსათი უსასყიდლოდ გადაეცემა.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, მომზადდება სასურსათო კალათა, რომელიც გაიცემა სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ერთიან ბაზაში 100 000 ქულამდე რეგისტრირებულ ოჯახებზე, სადაც ფიქსირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მარტოხელა პენსიონერები.
"ამ კატეგორიაში დღეს აჭარაში 6000-ზე მეტი მოქალაქეა. მივიღეთ გადაწყვეტილება, სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს შესაბამისი ბიუჯეტი და აღნიშნული სასურსათო კალათა გადავცეთ ჩვენს მოქალაქეებს,რომლებიც სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ერთიან ბაზაში ფიქსირდებიან და აქვთ 100 000 ქულამდე.
მიწოდება განხორციელდება საჯარო სამსახურის შესაბამისი სტრუქტურების, აჭარის ახალგაზრდული ცენტრის, ჩვენი მოხალისეების თანამონაწილეობით. დარიგების პროცესიც მოხდება შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.