ბოლნისისა და მარნეულის რაიონში, სადაც COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო კარანტინის რეჟიმი მოქმედებს, ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ადგილობრივ მცხოვრებლებს საინფორმაციო ფლაერები დაურიგდათ როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი იმედოვნებს, რომ საინფორმაციო კამპანია შედეგს გამოიღებს და საზოგადოება რეკომენდაციებს ზედმიწევნით დაიცავს.
"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გაზეთების, ისევე, როგორც დამატებითი ნაკადის სხვა ინფორმაციის, იგივე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული თუ ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების თაობაზე მოსახლეობა მიიღებს, გულისყურით გაეცნობა, დაიცავს, იმიტომ, რომ დღეს ეს არის ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციული ზომა covid 19-ის ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად,"- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტს საკოორდინაციო საბჭომ მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში განსაკუთრებული კარანტინის რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო.