18 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
ვირუსის გამო შეცვლილი ტრადიციები - დღეიდან საქართველოში ქორწილისა და სამგლოვიარო სუფრები იკრძალება

კორონავირუსის გამო შექმნილმა ვითარებამ საზოგადოების ცხოვრების ყველა ნაწილი შეცვალა და ახალმა წესებმა ჭირისუფლებს ძველ ტრადიციებზე უარი ათქმევინა. ასეთია რეალობა მარნეულშიც, რომელიც მეორე დღეა, მკაცრი კარანტინის ზონაა.

საგანგებო მდგომარეობამ სარიტუალო ღონისძიებებში კორექტივები შეიტანა. ქვეყნის მასშტაბით ყველა მსგავსი შემთხვევა ქელეხის გარეშე და გარკვეული დისტანციის დაცვით უნდა ჩატარდეს. 

საგანგებო მდგომარეობა იმ წყვილებსაც შეეხო, რომლებიც დაოჯახებას უახლოეს მომავალში გეგმავდა. 10-ზე მეტი პირის შეკრება აიკრძალა ქორწილშიც. დღევანდელ რეალობაში ოჯახები ნიშნობის, ხელისმოწერისა და ჯვრისწერის პროცესის გარეშე იქმნება. 

აკრძალვის სიაში შეზღუდვების დამატება საზოგადოებრივი ჯანდაცვის გადაწყვეტილებას უკავშირდება და მისი მიზანი მოქალაქეების ინფიცირებისგან დაცვაა. შეზღუდვების ამოქმედება კი, ქვეყანაში გავრცელებულ ვირუსთან ბრძოლაში გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია.

კორონავირუსის საფრთხე სწორად შეაფასეს და ხელისუფლების გადაწყვეტილებას მშვიდად შეხვდნენ ქვეყნის ყველა რეგიონში. მაღალია იმ მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა, რომლებმაც საკუთარ ცხოვრებაში  ყველაზე რთული პერიოდი ან  ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ცერემონიებისა და აღნიშვნების გარეშე ჩაატარეს.

კორონავირუსმა შეცვალა პლანეტის დღის წესრიგი და ქვეყნებს საკუთარი წესები დაუწესა. განსაკუთრებული თარიღების მიმართ დამოკიდებულება იცვლება და ვირუსის დასამარცხებლად დისტანცირებული ურთიერთობებია საჭირო - ეს არის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მთავარი რეკომენდაცია.

ქორწილებისა და სამგლოვიარო სუფრის აკრძალვა მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეიდან ამოქმედდა, თუმცა მსგავსი რეკომენდაციების გათვალისწინება მოსახლეობამ შეზღუდვის შემოღებამდე 2 კვირით ადრე დაიწყო.

დღის ამბები